ვაჟა ოკუჯავა

ი.ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ნერვული უჯრედის ფიზიოლოგიის, პათოლოგიის და ფარმაკოლოგიის ლაბორატორია

ვაჟა ოკუჯავა - საქართველოს მეცნიერების გამორჩეული წარმომდაგენელი, ნეირომეცნიერი, ნეიროფიზიოლოგი, მეცნიერების და უმაღლესი განათლების ორგანიზატორია.
ვ. ოკუჯავამ სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც 1956 წელს ასპირანტურაში ჩააბარა. 1960 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით: „დიდი ჰემისფეროების ქერქის დენდრიტული აქტივობის ელექტროფიზიოლოგიური და ფარმაკოლოგიური ანალიზი“. უკვე იმ დროს მისმა პირველმა შრომებმა მიიპყრო გამოჩენილი სპეციალისტების ყურადღება და დაიმსახურა მათი მაღალი შეფასება. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ ვ. ოკუჯავა იწყებს მუშაობას კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში. 1961 წელს მან შექმნა და ჩაუდგა სათავეში ექსპერიმენტული ნევროლოგიის განყოფილებას, რომელიც შემდგომში დამოუკიდებელ ცენტრად გარდაიქმნა. 1966 წელს ვ.ოკუჯავამ ბრწყინვალედ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: “ეპილეფსიური აქტივობის ძირითადი ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმები“. მისმა სამეცნიერო მუშაობამ უდიდესი აღიარება ჰპოვა. 1967 წელს, ვაჟა ოკუჯავა, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მეცნიერი, აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1974 წელს აკადემიკოსად. 1967 წელს იგი მიემგზავრება   ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბეტესდაში (NIH), სადაც 1967-1968 წლებში მუშაობს ნევროლოგიურ დაავადებათა და ინსულტის ინსტიტუტში მიწვეულ მეცნიერად. იქ მის მოღვაწეობას ამერიკელი კოლეგების აღფრთოვანებული გამოხმაურება მოჰყვა.
საქართველოში დაბრუნების შემდგომ ვაჟა ოკუჯავა აგრძელებს აქტიურ კვლევით მუშაობას და ქმნის ახალ სამეცნიერო ერთეულებს. 1977 წელს სათავეში უდგება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მის მიერვე ორგანიზებულ ნერვული უჯრედის ფიზიოლოგიის, პათოლოგიის და ფარმაკოლოგიის ლაბორატორიას. 1983 წელს აყალიბებს და ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიას, სადაც ავითარებს იმ დროისათვის   სრულებით ახალ მიმართულებას, მედიცინის, ბიოლოგიისა და ქიმიის გასაყარზე ჩამოყალიბებულ დარგს, რომელიც მოიცავს წამალთა თერაპიულ მონიტორინგსა და ფარმაკოკინეტიკას.
ვაჟა ოკუჯავა მეცნიერების ბრწყინვალე ორგანიზატორი იყო. მისი მოღვაწეობის ეს მხარე სრულად ვლინდება სამოცდაათიანი წლებიდან. 1973-75   წწ. ვ. ოკუჯავა მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში პრორექტორად სამეცნიერო დარგში, ხოლო 1975-80წწ იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და ექსპერიმენტული მედიცინის განყოფილების აკადემიკოსი მდივანი.
1980 წლიდან იწყება ახალი ეტაპი მის ცხოვრებაში, როდესაც ის ინიშნება თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად და მუშაობს ამ თანამდებობზე 1985წ-მდე. ამ პერიოდში სრულად ვლინდება მისი ორგანიზატორული შესაძლებლობები. იგი დიდ ძალისხმევასა და ენერგიას უთმობს საუნივერსიტეტო მეცნიერების განვითარებას. იგი აქტიურად მონაწილეობდა როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე საზოგადოებრივ დისციპლინებში ახალი სამეცნიერო-კვლევითი და პრობლემური ლაბორატორიების შექმნასა და უკვე არსებულის გაფართოებაში.
თავისი ცხოვრების მანძილზე ვაჟა ოკუჯავა იყო სხვადასხვა სამეცნიერო ორგანიზაციებისა და საზოგადოებების წევრი: ი. ბერიტაშვილის სახ. საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი (1975–2011წწ.), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, ნერვული სისტემის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის საკავშირო სამეცნიერო საბჭოს წევრი, ეპილეფსიის საკავშირო საპრობლემო კომისიის წევრი, ტვინის შემსწავლელი სამეცნიერო საზოგადოების (IBRO) წევრი და ეროვნული კომიტეტის წარმომადგენელი და სხვ., რიგი ეროვნული და უცხოური სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიისა და სარედაქციო საბჭოს წევრი: Electroencephalography and Clinical Neurophysiology”,   “Neurophysiology”, “Epilepsy Research”, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ „მოამბე“-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნეს (ბიოლოგიის სერია) მთავარი რედაქტორი. ვ. ოკუჯავა არის 326 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათგან 6 მონოგრაფიის. მისი ხელმძღვანელობით 31 დისერტაცია შესრულდა, აქედან 5 სადოქტორო. მისი სამეცნიერო შრომები სხვადასხვა დროს აღინიშნა ივ. ბერიტაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიით და ხორეზმის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიით.
ვაჟა ოკუჯავა ცხოვრების ბოლომდე ეწეოდა მეტად ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობას, ხელმძღვანელობდა მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო პროექტს.
ვაჟა ოკუჯავას მეცნიერული ინტერესების ძირითად სფეროებს წარმოადგენდა: ნევროლოგიურ დარღვევათა მოდელირება და მათი ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმების კვლევა; ეპილეფსიის ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლების შესწავლა; კლინიკური ელექტროფიზიოლოგია; ექსპერიმენტული და კლინიკური ნეიროფარმაკოლოგია; მეხსიერების ნეირობიოლოგიური მექანიზმების გამოკვლევა ნეირონულ დონეზე; ქცევათმეცნიერული კვლევები: მეხსიერების ფორმები და მათი დარღვევების პრობლემები, ფსიქოპათოლოგიურ მოვლენათა მოდელირება და ა.შ.