ალექსანდრე ქორელმა 1964 წელს დაამთავრა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.
პროფ. ნ. ძიძიშვილის მიწვევით, 1966 წლიდან დაიწყო მუშაობა ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ნერვული მოქმედების ონტოგენეზის (შემდგომში ემოციათა ფიზიოლოგიის) ლაბორატორიის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1979-1989 წლებში ეკავა უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ხოლო 1989 წლიდან სათავეში ჩაუდგა ემოციათა ფიზიოლოგიის ლაბორატორიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2006 წლამდე. ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული სტრუქტურული რეორგანზაციის შემდეგ, 2006 წლიდან დაინიშნა და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ნეიროფიზიოლოგიის განყოფილების მთავარ მეცნიერ თანამშრომლად.
ალექსანდრე ქორელის სამეცნიერო ინტერესების სფერო საკმაოდ ფართო იყო. სხვადასხვა დროს იგი შეისწავლიდა ქერქული პირველადი პასუხების ჩამოყალიბებას ონტოგენეზში, გამოწვეული პასუხების ჰაბიტუაციის ფენომენს, ძირითადად კი ემოციური რეაქციების ჩამოყალიბებაში ჰიპოთალამუსის როლის კვლევებით იყო დაკავებული.
ა.ქორელი გამოირჩეოდა ექსპერიმენტულ მუშაობაში ახალი მეთოდიკური მიდგომებისადმი განსაკუთრებული ინტერესით. გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს მივლინებილი იყო ქ. პრაღაში, პროფ. ი.ბურეშის ლაბორატორიაში, სადაც აითვისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფიზიოლოგიის ინსტიტუტში დანერგა გავრცელებადი დეპრესიის მეთოდი. მანვე პირველმა გამოიყენა ფოკუსირებული ულტრაბგერა ქერქქვეშა სტრუქტურების უსისხლო დაზიანებისათვის. მრავალი საინტერესო ნაშრომი აქვს შესრულებული თვითგაღიზიანების მეთოდიკის გამოყენებით, რომელიც აგრეთვე მან დანერგა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში.
განსაკუთრებული ადგილი ა. ქორელის სამეცნიერო მუშაობაში უკავია ფსიქოаარმაკოლოგიურ კვლევებს. კერძოდ, დიაზეპამის, მეპრობრომატის, ამიზილის, გალანტამინისა და სხვ. გავლენას ემოციურ რექციებზე, შფოთვასა და სტრესის მდგომარეობაზე.
ალექსანდრე ქორელი ავტორია რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომისა. ამავე დროს იგი ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობასაც. მან თარგმნა ქართულ ენაზე სელიეს წიგნი „სტრესი დისტრესის გარეშე“, ფარლი მოუეტის „ნუ იყვირებ, მგელი, მგელი“, ნ.სხირტლაძესთან თანაავტორობით შეადგინა და გამოსცა ნეიროფიზიოლოგიურ ტერმინთა ინგლისურ-ქართული ლექსიკონი.
ა. ქორელი იყო ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოებისა და საქართველოს ნეირომეცნიერებათა ასოციაციის წევრი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.