სერგი პავლეს ძე ნარიკაშვილი დაიბადა ქ. თბილისში, 1906 წლის 24 დეკემბერს.
ს.პ. ნარიკაშვილმა მეცნიერული მოღვაწეობა დაიწყო 1931 წელს, ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით.
1937 წ. მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
1938 – 1940 წწ. იგი შეისწავლიდა სხვადასხვა ანალიზატორის გააქტივების გავლენას მხედველობით ანალიზატორში მიმდინარე კვალის პროცესებზე და 1946 წ. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
1953 – 1969 წწ. იყო ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.
1961 წ. ს.პ. ნარიკაშვილი საქართველოს მეცმიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს.
1962 წ. მას საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1992 წლამდე ს.პ. ნარიკაშვილი ხელმძღვანელობდა ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ქერქისა და ქერქქვეშა სტრუქტურების ურთიერთობის ლაბორატორიას.
ს.პ. ნარიკაშვილის თაოსნობით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა მეცნიერების იმ მიმართულებებს, როგორიცაა რადიობიოლოგია, ბიოფიზიკა, მოლეკულური ბიოლოგია. ს.პ. ნარიკაშვილის ლაბორატორიის თანამშრომლების ბაზაზე ინსტიტუტში ჩამოყალიბდა შემდეგი ახალი სტრუქტურული ერთეულები ლაბორატორიების სახით: ტკივილის ფიზიოლოგია (გამგე ს. ბუთხუზი); ნეიროენდოკრინოლოგია (გამგე ე. მონიავა), ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიია (გამგე ვ. მალოლეტნევი).
ს.პ. ნარიკაშვილი იყო ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO) წევრი; ჟურნალების: “Physiology and Behavior“ და ი. სეჩენოვის ფიზიოლოგიური ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
1963 წ.მას ი. თარხნიშვილის სახელობის პრემია მიენიჭა.
1963 წ. ი. სეჩენოვის წიგნის „თავის ტვინის რეფლექსები“ გამოქვეყნებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად ჩატარდა საერთაშორისო ყრილობა, სადაც დაწესებული იყო საკავშირო სიგელი - მეცნიერებაში მიღწევებისათვის. ეს სიგელი ი. ბერიტაშვილთან ერთად მიიღო ს. ნარიკაშვილმა.
1966 წ., ს. ნარიკაშვილის ხელმძღვანელობით, ქ. თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია - „თავის ტვინის ქერქქვეშა სტრუქტურების მოქმედების ქერქული რეგულაცია“.
1990 წ. ს. ნარიკაშვილს (ე. მონიავასთან ერთად) მიენიჭა მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის პრემია.
ს. ნარიკაშვილი შეისწავლიდა: ა) ყუმბარის აფეთქების შედეგად გამოწვეული ჰაერის ტალღის გავლენას კუნთოვანი და ნერვული სისტემის აგზნებადობაზე; ბ) ტვინის ღეროს ბადებრივი ფორმაციის, ნათხემის და ახალი ქერქის ელექტრული აქტივობის ცვლილებებს ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციური მდგომარეობის დროს (ძილ-ღვიძილი); გ) ტვინის ღეროს ბადებრივი ფორმაციის მოქმედების თავისებურებებს.
ს.პ. ნარიკაშვილის ლაბორატორიაში პირველად განხორციელდა და დადგინდა:
1. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, პირველად საქართველოში მოხდა სტერეოტაქსული აპარატის მიღება და მისი გამოყენებით თავის ტვინის სტრუქტურებში ელექტროდების შეყვანა.
2. არასპეციფიკური თალამო-კორტიკალური სისტემის როლი სპეციფიკური თალამო-კორტიკალური სისტემის ფუნქციონირებაში.
3. პირველად დადგინდა, რომ ყოველი აფერენტული სისტემა უმეტესად ააქტივებს ტვინის ღეროს ბადებრივი ფორმაციის განსაზღვრულ (ტერიტორიულად სხვადასხვა) უბნებს.
4. ტვინის ღეროს ბადებრივი ფორმაციის გააქტივებისას მისი დაღმავალი მოქმედება შეიძლება განხორციელდეს აღმავალი გავლენის გარეშე.
5. ტვინის ღეროს მარჯვენა და მარცხენა ნახევარში ელექტრული აქტივობის ცვლილებები მიმდინარეობს დამოუკიდებლად.
6. თალამუსის არასპეციფიკურ სისტემას (თალამუსის ცენტრალური მედიალური ბირთვი) პირდაპირი, დიფუზური და ბილატერალური კავშირები აქვს ნეოკორტექსთან (სუპრასილვიური და კორონალური ხვეულები).
7. საქართველოში პირველად განხორციელდა თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურების ერთეულ ნეირონთა აქტივობის რეგისტრაცია.
8. დადგინდა ქერქისა და ქერქქვეშა სტრუქტურების პოლიმოდალურ ნეირონებზე სხვადასხვა აფერენტულ იმპულსთა ურთიერთქმედების მექანიზმები.
9. პირველად განხორციელდა ორი დამოუკიდებელი მიკროელექტროდით, ანატომიურად დაკავშირებული სტრუქტურებიდან ერთეულ ნეირონთა აქტივობის ერთდროული რეგისტრაცია და მათ შორის ურთიერთქმედების კანონზომიერებების დადგენა.
10. დადგინდა სუპრასილვიური ხვეულის პოლიმოდალურ ნეირონებზე სხვადასხვა აფერენტულ იმპულსთა ურთირთქმედების მექანიზმები.
ს.პ. ნარიკაშვილი იყო 38 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და 14 სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი. მას გამოქვეყნებული აქვს 300-მდე სამეცნიერო ნაშრომი.