ვეჯინის საჯარო სკოლის სტუმრობა ბერიტაშვილის ცენტრში
ნანახია 0-ჯერ
მიმდინარე წლის 6 მაისს ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ორგანიზებით, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტულ ბიომედიცინის ცენტრს სსიპ ივანე ბერიტაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები (მაია კიკილაშვილი, თამარ სვიმონიშვილი, თამარ გველუკაშვილი) ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ბიომედიცინის თანამედროვე მიმართულებებსა და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების მუშაობის სპეციფიკას.
საინტერესო დიალოგი შედგა ცენტრის ხელმძღვანელობასთან: ბატონ დავით ნადარეიშვილმა (დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი) და პროფესორმა რევაზ სოლომონიამ (სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე) მოსწავლეებს ცენტრის სტრატეგიული სამეცნიერო მიმართულებები გააცნეს, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ახალგაზრდების ინტერესი კვლევითი საქმიანობის მიმართ.
შემეცნებითი ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს:
• მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრი;
• მემბრანოლოგიის ლაბორატორია;
• ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორია;
• თავის ტვინის ულტრასტრუქტურისა და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორია.
ვიზიტის დასასრულს, სამეცნიერო პროცესებში გამოვლენილი ინტერესისა და აქტიურობისთვის, მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო წამახალისებელი სერტიფიკატები.