საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელთა ვიზიტი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში
ნანახია 139-ჯერ
მიმდინარე წლის 9 სექტემბერს გაიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბატონი ზვიად გაბისონიას და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსის ქალბატონი ქეთევან ქოქრაშვილის სამუშაო შეხვედრა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მეცნიერებთან, რომლის ძირითად თემას გამოყენებითი კვლევების გაძლიერება, მათი კომერციალიზაცია და ტექნოლოგიური ტრანსფერების განვითარება წარმოადგენდა.
სამინისტრის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ივანე ბერიტაშვილის ცენტრის ბაზაზე ახლად გახსნილი „მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრის“ უნიკალური სამეცნიერო ლაბორატორიები და სამომავლო პერსპექტივებს დარგის სპეციალისტებთან ერთად გაეცნენ.
ზვიად გაბისონია და ქეთევან ქოქრშვილი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორის, ქალბატონი გვანცა ჭკადუას პრეზენტაციასაც დაესწრეს, რომელმაც ცენტრის მისია, სტრატეგიული გეგმები, კვლევების კომერციალიზაციის პერსპექტივა, საგრანტო პროექტები და საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებში მონაწილეობის საკითხები წარმოადგინა. ასევე განიხილეს სფეროში არსებული გამოწვევები და საჭიროებები.
სიტყვით გამოსვლისას ზვიად გაბისონიამ ხაზი გაუსვა ცენტრის გამოცდილებას და მის მდიდარ ისტორიას. მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში აუცილებელია შეფასდეს მეცნიერების კომპონენტი, კერძოდ, რა დონეზეა დღეს ქვეყანაში სამეცნიერო კვლევების ხარისხი.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მეცნიერებთან გამოყენებითი კვლევების გაძლიერებაზე, კვლევების კომერციალიზაციასა და ტექნო ტრანსფერებზე მსჯელობა აუცილებელია, რადგან საქართველოს ტიპის ქვეყნებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს შორის სწორი ბალანსის დაცვაა. მისივე თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია გაიზარდოს გამოყენებითი კვლევების წილი, რაც თავის მხრივ გაზრდის მათი კომერციალიზაციის შესაძლებლობებს, მეცნიერების დაფინანსებას, ახალი პროექტების მოზიდვას და ბიზნესთან კოლაბორაციას.
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |