კონფერენცია „COST - ევროპული კოოპერაცია მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში და სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ხელშემწყობი საშუალებები“

ნანახია 89-ჯერ




მიმდინარე წლის 15 ივლისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე „COST - ევროპული კოოპერაცია მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში და სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ხელშემწყობი საშუალებები“.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა გვანცა ჭკადუამ, ამავე ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა რევაზ სოლომონიამ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ქეთევან ქოქრაშვილმა.  

კონფერენციაზე პანელური მოხსენებით - „ევროპული კოოპერაცია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში - COST-ის აქციები: საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა ქართველი მეცნიერებისთვის“ წარდგა ბრიუსელში COST-ის სათავო ოფისის წარმომადგენელი, სამეცნიერო ოფიცერი ინგა დადეშიძე. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო აქტივობის მნიშვნელობა და მონაწილეობის შესაძლებლობები.

ღონისძიების პირველი სესია სრულად დაეთმო COST-ს, როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის გაღმავების, სამეცნიერო პროდუქტიულობის ზრდის და შემდგომში „ჰორიზონტი ევროპა“-ს კონკურსებში წარმატების მიღწევის ერთერთ მნიშვნელოვან ფაქტორს და შესაძლებლობას. შესაბამისად, სესიის ფარგლებში, COST-ის სხვადასხვა აქტივობებში ჩართულმა ქართველმა მეცნიერებმა, ელენე ჟურავლიოვამ (ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი), ნონა ჯანიკაშვილმა (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი),  მაია კუხალეიშვილმა და ივეტა მეგრელიშვილმა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრი) დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს COST-ის აქტივობებში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება და სარგებელი.

კონფერენციის მეორე სესია, ზოგადად, სამეცნიერო საქმიანობის ხელშემწყობ საშუალებებზე საუბარს მიეძღვნა. კვლევების სტრატეგიული განვითარების ინსტრუმენტებზე, ევროპული კვლევების საბჭოს დაფინანსების შესაძლებლობებზე, ღია წვდომის ლაბორატორიების ეფექტზე, „კვლევითი ინფრასტრუქტურების“ მნიშვნელობაზე და ფრუგალურ მეცნიერებაზე მოხსენებები წარმოადგინეს: ქეთევან გაბიტაშვილმა (შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი), ეკატერინე სანაიამ (,,ჰორიზონტი ევროპის" ეროვნული ოფისი), მარინა რაზმაძემ (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტი - ტექინფორმი), სოფიო უჩანეიშვილმა, გვანცა ჭკადუამ (სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი) და მიხეილ ნანიკაშვილმა („საქართველოს მეცნიერების ინოვაციის ორგანიზაცია“ – GSIO).

აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ აუდიტორიას ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად უნივერსიტეტებისა და სხვა სამეცნიერო ინსტიტუციების მეცნიერები წარმოადგენდნენ.

პლენარული მოხსენების პრეზენტაცია (ინგა დადეშიძე) https://lifescience.org.ge/index.php?do=download&id=291









ჩამოტვირთეთ PDF ფაილი: 15072025-cost_actions_id.pdf
<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>