ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა მულტიდისციპლინარულ სამეცნიერო კონფერენცია „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის".

ნანახია 428-ჯერ

2024 წლის 17 ივნისს, ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექციის, სამეცნიერო საბჭოს თანადგომით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში გიწვევთ ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა მულტიდისციპლინარულ სამეცნიერო კონფერენციაზე - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის".
კონფერენციის ფარგლებში მოწვეულნი არიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უნივერსიტეტების და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და სამეცნიერო სფეროში არსებულ სიახლეებს, აგრეთვე გაიმართება დისკუსია თანამედროვე გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.

მოწვეული მომხსენებლები:

ლალი ყრუაშვილი - PhD, პოსდოქტორანტი, ქცევის მოლეკულური საფუძვლების ლაბორატორია, ნენცკის ექსპერიმენტული ბიოლოგიის ინსტიტუტი, ვარშავა, პოლონეთი.
„სივრცითი არჩევანის შეფასება თაგვებში ავტომატურ ლაბირინთში“. (Online)

ნინო შარიქაძე - PhD, პოსდოქტორანტი, უჯრედული პათობიოლოგიისა და ნეიროსამეცნიერო კვლევითი განყოფილება, წამალდამოკიდებულების კვლევითი ინსტიტუტი, ამერიკის ჯანრმთელობის ეროვნული ინსტიტუტი (NIDA, NIH).
„სიგმა-1 რეცეპტორის როლი თირკმელზედა ჯირკვლიდან კორტიკოსტერონის გამოყოფის დროს სტრესულ პირობებში“. (Online)

ანი შუბითიძე - მოლეკულური მედიცინა, Charité –ს ბერლინის უნივერსიტეტი.
„პანკრეასის სიმსივნის გაშიფვრა“. (Online)

მომხსენებლების შესახებ:

ლალი ყრუაშვილი, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. 2010-2018 წლის ჩათვლთ მუშაობდა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ქცევისა და კოგნიტურ ფუნქციათა ლაბორატორიაში, ლაბორანტად. 2018-2022წ. იკავებდა ამავე ლაბორატორიაში მეცნიერ თანამშრომლის პოზიციას. 2022 წლიდან იკავებს პოსდოქტორანტის პოზიციას, ნენცკის ექსპერიმენტული ბიოლოგიის ინსტიტუტის ქცევის მოლეკულური საფუძვლების შემსწავლელ ლაბორატორიაში. 2018-2022 წლებში მუშაობდა ქართულ უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის და სტრატეგიული განვითარების სამსახურის კოორდინატორად, შემდგომ კი ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანლის პოზიციაზე. 2017-2022 წ. იყო სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი/თანაავტორი. იღებს მონაწილეობას სამეცნიერო კონფერენციებში. არის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი. მიღებული აქვს კვლევითი და სამოგზაური გრანტები, როგორც საქართველოს სამეცნიერო ფონდიდან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან (https://radwanskalab.eu/)

ნინო შარიქაძეს 2013 წელს მიენიჭა ბიოფარმაციის მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2018 წელს მან წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე და მიენიჭა სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი მოლეკულური ბიოტექნოლოგიისა და ბიოქიმიის პროგრამის მიმართულებით. მის სადისერტაციო სამეცნიერო კვლევით ნაშრომში შესწავლილია ფლავონოიდ ნობილეტინის მოქმედება მიტოქონდრიულ ბიოენერგეტიკაზე. დოქტორანტურის პერიოდში გამოაქვეყნა ორი სამეცნიერო პუბლიკაცია მაღალ-იმპაქტიან რეფერირებად ჟურნალებში. 2015-2016 წლებში ნინო შარიქაძემ მონაწილეობა მიიღო ბორდოს უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო გაცვლით პროგრამაში MID Erasmus Mundus, რომლის ფარგლებშიც სადოქტორო კვლევის ნაწილი შეასრულა უჯრედის ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ლაბორატორიაში, (ბორდო, საფრანგეთი). 2013-დან 2019 წლამდე მუშაობდა მკვლევრად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტში. 2019 წლიდან კი არის ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის პოსტდოკი (NIDA, NIH) (https://irp.nida.nih.gov/staff-members/nino-sharikadze-ph-d/).

ანი შუბითიძე 2007-2019 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში, 2019 წელს ჩააბარა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით, პარალელურად მოიპოვა DAAD-ის სრული სტიპენდია გერმანიაში, Studienkolleg Mittelhessen-ში სამედიცინო კურსის მიმართულებით. კოლეჯის დასრულების შემდეგ, 2020 წელს ჩაირიცხა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში, 2023 წელს მიენიჭა მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიაში. 2022-2024 წლებში მუშაობდა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში, კერძოდ BCCN-ში (Bernstein Center for Computational Neuroscience). 2023 წელს წარდგა სასტენდო მოხსენებით Neuroscience 2023 კონფერენციაზე ქალაქ ვაშინგტონში. 2023 წელს, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, განმეორებით მოიპოვა DAAD-ს სტიპენდია საერთაშორისო მაგისტრატურის პროგრამაზე, მოლეკულური მედიცინის მიმართულებით, გერმანიის საუკეთესო სამედიცინო უნივერსიტეტში Charité -Universitätsmedizin Berlin. ამჟამად, პრაქტიკას გადის Nils Blüthgen-ის კვლევით ჯგუფში და მუშაობს ახალ პროექტზე, რომელიც მოიცავს პროტეინის ბარკოდების დატესტვას (Pro-Codes) და CRISPR სკრინინგს ინდივიდუალური უჯრედების დონეზე.

დრო: 17 ივნისი

ადგილმდებარეობა: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
ლევან გოთუას ქუჩა 14, 0160

სამუშაო ენა: ქართული

დასწრება თავისუფალია



<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>