საერთაშორისო სიმპოზიუმი „თავის ტვინი და ნეიროპლასტიურობა“ და საგაზაფხულო სკოლა
ნანახია 918-ჯერ
2023 წლის 25-30 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისა და საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მე-5 საერთაშორისო სიმპოზიუმი „თავის ტვინი და ნეიროპლასტიურობა. სტრუქტურული და მოლეკულური ასპექტები“ და მე-5 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა ოპტიკურ, ელექტრონულ და ატომურ-ძალოვან მიკროსკოპიაში.
ორივე ღონისძიება დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. თანადამფინანსებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაცია, აშშ მეცნიერთა საპატიო საზოგადოება Sigma Xi და კარლ ცაისის ინსტიტუტი.
სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო 80 ქართველმა და უცხოელმა ნეირომეცნიერმა - ნეირომეცნიერების სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლებმა.
სიმპოზიუმზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
- ნეიროპლასტიურობა და თავის ტვინის აღნაგობა/ულტრასტრუქტურა
- ნეირონული და კოგნიტური პლასტიურობა
- ნეიროპლასტიურობა და ნევროლოგიური დაავადებები
- ნეიროპლასტიურობა - უჯრედული და მოლეკულური დონე
- თავის ტვინი და მეტაბოლური დარღვევები
- სუპერრეზოლუციური მიკროსკოპია უჯრედულ ბიოლოგიასა და ნეირომეცნიერებაში
- კომპიუტერული ნეირომეცნიერება
- კვლევები ნეირობიოლოგიაში: უჯრედული ხაზები თუ ცხოველები?
- ნეირომეცნიერება და ეთიკა
- ნეირომეცნიერების პერსპექტივები - მრგვალი მაგიდა
ახალგაზრდა მეცნიერთა სკოლაში მონაწილეობდა 20 მაგისტრი, დოქტორანტი და ახალგაზრდა მკვლევარი - სხვადასხვა უნივერსიტეტების და სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლები.
ჩატარდა თეორიული ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები შემდეგ საკითხებზე:
- ნეიროპლასტიურობის უჯრედული და მოლეკულური ასპექტები;
- ნეიროპლასტიურობის მექანიზმები და რიგი ნევროლოგიური დაავადებები;
- ელექტრონულ-მიკროსკოპული, ატომურ-ძალოვან-მიკროსკოპული, იმუნოციტოქიმიური და სტრუქტურული ნეირომეცნიერების სხვა ოპტიკური მიდგომები.