მე-3 მსოფლიო კონგრესი რეოლოგიაში

ნანახია 841-ჯერ
2023 წლის 27-30 სექტემბერს ქალაქ რეგენსბურგში (გერმანია) გაიმართება რეოლოგიის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ღონისძიება - მე-3 მსოფლიო კონგრესი, რომლის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი, განხილული და გაანალიზებული რეოლოგიისა და მასთან ასოცირებული ყველა სამეცნიერო თუ პრაქტიკული პრობლემა. კონგრესში მონაწილეობას მიიღებს 120 ქვეყანა. დარგის სპეციალისტები, სპიკერები და ახალგაზრდა მკვლევარები სხვადასხვა ქვეყნიდან პლენარულ და პანელურ სხდომებზა წარსდგებიან ახალი და უახლესი მონაცემებით, გაშუქდება ახალი ხედვები ფუნდამენტური რეოლოგიისა და კლინიკური ჰემორეოლოგიის მიმართულებით. ღონისძიების მასპინძლები არიან ევროპის კლინიკური ჰემორეოლოგიისა და მიკროცირცულაციის, საერთაშორისო კლინიკური ჰემორეოლოგიის და საერთაშორისო ბიორეოლოგიის საზოგადოებები. ეს სამი საზოგადოება აყალიბებს რეოლოგიის მიმართულებით ახალ ცოდნას და პასუხისმგებელია კვლევით კოლაბორაციებზე და სიახლეების გაზიარებაზე სამეცნიერო წრეებში და პრაქტიკოს მედიკოსებში.
კონგრესის თანაორგანიზატორთა შორის არის ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი. ცენტრის რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის ხელმძღვანელი პროფესორი მაია მანწკვა არის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე. ცენტრში არსებული რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორია არის ერთადერთი ლიცენზირებული ლაბორატორია ამიერკავკასიაში. კლინიკური რეოლოგები საქართველოდან, რომელთა კვლევები შესრულდა ამ ლაბორატორიაში და ლაბორატორიის ყველა წევრი წარმოადგენენ ნაშრომებს მე-3 მსოფლიო კონგრესზე და წარმოაჩენენ საქართველოს და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს, როგორც რეოლოგიის ხელშემწყობ და განმავითარებელ ბაზას.



 



<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>