საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო კონფერენცია “კლინიკური რადიოლოგია და რადიაციული დაცვის თანამედროვე პრობლემატიკა”

ნანახია 1 212-ჯერ
2022 წლის 25-27 ნოემბერს გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო კონფერენცია “კლინიკური რადიოლოგია   და   რადიაციული   დაცვის   თანამედროვე პრობლემატიკა”, რომელიც ეძღვნებოდა  მიხეილ  გედევანიშვილის  დაბადების 160  წლისა და საქართველოში  რენტგენოლოგიური  კვლევების  დაწყების  125   წლის  იუბილეს. კონფერენციის ორგანიზატორები და მხარდამჭერი ორგანიზაციები გახლდათ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს  პარლამენტი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის  სამინისტრო, ქალაქ  თბილისის  მუნიციპალიტეტის  მერია, საქართველოს  რადიოლოგთა  ასოციაცია, ბირთვული  და  რადიაციული  უსაფრთხოების  სააგენტო, თსსუ-ის  პირველი  საუნივერსიტეტო  კლინიკა, საქართველოს  რადიაციული  უსაფრთხოების  ასოციაცია, საქართველოს  სამედიცინო  ფიზიკის  ასოციაცია, საქართველოს ულტრაბგერის საზოგადოება, შპრ იონირება საქართველო.  კონფერენციის ერთერთი თანაორგანიზატორი გახლდათ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი. კონფერენციის ორგანიზაციასა და მსვლელობაში ჩართული იყვნენ ჩვენი ცენტრის რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა, ბიოფიზიკის,  რეოლოგიის და დიაგნოტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიები. კონფერენციის იდეის ავტორი და მთავარი ორგანიზატორი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რენტგენოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან პროფესორ ოთარ ურუშაძესთან ერთად გახლდათ ჩვენი ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი თამარ სანიკიძე. რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის გამგე გიორგი ორმოცაძე გახლდათ სამეცნიერო რეცენზენტი და რადიაციული დაცვისადმი მიძღვნილი მიმართულების თავჯდომარე; საბაზისო ბიოსამედიცინო  და გამოყენებითი მედიცინის კვლევებისადმი მიძღვნილ დღეს უძღვებოდა რეოლოგიისა და დიაგნოტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის გამგე მაია მანწკავა. კონფერენცია იყო მასშტაბური. სამი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი მოხსენება, კონფერენციას ესწრებოდა 200-ზე მეტი ექიმი და დარგის სპეციალისტი. დიდი დაინტერესება გამიწვია თემატიკამ სტუდენტებში. დაიგეგმა ახალი თანამშრომლობა და კვლევები. განსაკუთრებულად საინტერესო მოხსენებები გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალში „Journal of Radiobiology and Radiation Safety” (მთავარი რედაქტორი მიხეილ გოგებაშვილი).
ღონისძიება აკრედიტირებული იყო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ.



<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>