ერთობლივი სადოქტორო პროგრამის „უჯრედული ნეირომეცნიერება“ უცხოელი კონსულტანტები და კოლაბორატორები ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში

ნანახია 944-ჯერ
2022 წლის 3-5 ოქტომბერს, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში იმყოფებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის „უჯრედული ნეირომეცნიერება“ უცხოელი კონსულტანტები და კოლაბორატორები, ცნობილი ნანობიოლოგები, პროფესორი ბანუ ჯენა (ვეინის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ) და სანდორ კაზასი (ლოზანას ფედერალური პოლიტექნიკური სკოლა, შვეიცარია).
ბანუ ჯენა, ვეინის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამორჩეული სტატუსის პროფესორი და ჯორჯ პალადის საპატიო პროფესორი, უჯრედული ბიოლოგიის სპეციალისტი და ქიმიკოსია.
პროფესორ ბანუ ჯენას მრავალ საერთაშორისო ჯილდოებს და წოდებებს შორის არის აშშ ექსპერიმენტული ბიოლოგიის და მედიცინის მკვლევარის საპატიო ჯილდო, სვებელიუსის სიმსივნის კვლევის ჯილდო; სერ აარონ კლუგის საპატიო ჯილდო; მედიცინის დარგში ფუნდამეტური კვლევების რანბაქსის საპატიო ჯილდო; ჯორჯ პალადის ოქროს მედალი და სხვ. პროფესორი ბანუ ჯენა ასევე არის საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის არჩეული უცხოელი წევრი, ევროპის მეცნიერებათა აკადემიის არჩეული წევრი; კორეას მეცნიერებათა და ტექნოლოგიების აკადემიის არჩეული უცხოელი წევრი; რუმინეთის მედიცინის ეროვნული აკადემიის არჩეული წევრი; ვეინის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა აკადემიის არჩეული წევრი; 6 საერთაშორისი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, რუმინეთის Babes-Bolyai უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, აშშ და ევროპის რიგი სხვა პრესტიჟული აკადემიური ინსტიტუციების საპატიო წევრი და სხვ.
სამეცნიერო მოღვაწეობის  გარდა, უკანასკნელი 2 ათწლეულის განმავლობაში პროფესორი ჯენა მსოფლიოს სხვადასსვა ქვეყნებში კვლევითი და სასწავლო ინსტიტუციების შექმნასა და განვითარებაშია ჩართული.
2020 წელს პროფესორმა ბანუ ჯენამ Viron Molecular Medicine Institute  (MI) (https://www.vironinstitute.com/about-us) დაარსა. ამჟამად ის ამ ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორია.
პროფესორ ბანუ ჯენას სამეცნიერო ინტერესებს შორის უჯრედული სეკრეციაა. ამ მიმართულებით კვლევების შედეგად, პროფესორმა ჯენამ და მისმა ჯგუფმა აღმოაჩინეს ახალი უნივერსალური უჯრედული სუბსტრუქტურა - მოლეკულური მანქანა „პოროსომა“, რომელიც სეკრეციის პროცესში ინტრავეზიკულური შიგთავსის უზუსტეს ფრაქციულ გამოყოფას უზრუნველყოფს. პროფესორ ბანუ ჯენას ჯგუფში პოროსომული კომპლექსის შესწავლა ცალკეული ნაწილაკების კრიო-ელექტრონული მიკროსკოპიის, small angle X-ray solution მეთოდის, ნეიტრონების გაფანტვის ტექნიკის და ნანოტექნოლოგიების სხვა უახლესი და განსაკუთრებით მაღალინფორმაციული მიდგომების გამოყენებით მიმდინარეობს.
დოქტორი სანდორ კაზასი, სუპერრეზოლუციური მიკროსკოპიის სპეციალისტი, ლოზანას პოლიტექნიური სკოლის ცოცხალი მატერიის ლაბორატორიის უფროსი მკვლევარი, ფრაიბურგის  უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, გამომგონებელი და ნანობიოლოგიის მიმართულებით რიგი საერთაშორისო პატენტების ავტორია. დოქტორ სანდორ კაზასის პროექტებია: ანტიბიოტიკებისადმი და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ ცალკეული უჯრედების მდგრადობის დეტექცია სხვადასხვა ნანობიოლოგიური მიდგომებით; ცილების და უჯრედების ნანომოძრაობის დეტექცია; ტრანსმემბრანული რეცეპტორების სიგნალირებაზე მემბრანას მახასიათებლების გავლენა; ტოპოიზომერაზა II-ს აქტივობა და მისი კავშირი დნმ-თან; ცალკეული მიკროტუბულების ნანომექანიკური თვისებები; მემბრანას ცვლილებები აქსონის ზრდის პროცესში და სინაფსური პლასტიურობა და სხვ..
დოქტორი კაზასი მაღალი იმფაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული 100-ზე მეტი სტატიის ავტორი და თანაავტორია.

3 ოქტომბერს, ცენტრის მცირე დარბაზში პროფესორმა ბანუ ჯენამ და დოქტორმა სანდორ კაზასმა ჩაატარეს შემდეგი საჯარო ლექციები:

-   Porosome: The Cells Cell Phone (პოროსომა: უჯრედშორისი კომუნიკაცია) პროფესორი ბანუ ჯენა)
-   Atomic Force Microscopy to measure mechanical properties and adhesive forces of microbiological samples (ატომურ-ძალოვანი მიკროსკოპია მიკრობიოლოგიური ნიმუშების მექანიკური თვისებების და ადჰეზიური ძალების გასაზომად (დოქტორი სანდორ კაზასი).

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა პროფესორ ბანუ ჯენას და დოქტორ სანდორ კაზასის ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტულ ცენტრთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. დაინტერესებული სტუდენტებისთვის ჩატარდა თრეინინგი ატომურ-ძალოვან მიკროსკოპიაში.






<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>