გარდაიცვალა პროფესორი კონსტანტინე ჭიჭინაძე

ნანახია 874-ჯერ
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა დაკარგა გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული, მრავალმხრივ განათლებული, საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი, ახალგაზრდების უსაყვარლესი ლექტორი, კარგი მეგობარი, ერთგული, თბილი ადამიანი კონსტანტინე (კოტე) ჭიჭინაძე.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ კოტე ჭიჭინაძის შრომები, მათ შორის რამდენიმე ახალი სამეცნიერო თეორია, ბიომედიცინის სფეროში საქართველოდან გახდა ცნობილი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის. იგი იყო 70–ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული ჰქონდა რამდენიმე ახალი სამეცნიერო თეორია და კონცეფცია, რომელთგანაც ერთ–ერთმა უჯრედის დაბერების შესახებ ფართო აღიარება და მაღალი შეფასება დაიმსახურა. კოტეს ინტერსეთა სფერო არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბიომედინის დარგით. წერდა და აქვეყნებდა შრომებს სტატისტიკის, კონფლიქტოლოგიის, ეთნოლოგიის მიმართულებით. იყო უცხოური სამეცნიერო ჟურნალების: Open Journal of Molecular and Integrative Physiology (USA), Psychology Research (USA), International Journal of Brain and Cognitive Sciences (USA), American Journal of Life Sciences (USA) და რამდენიმე სამამულო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი. კოტე წლების განმავლობაში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პათოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, სტუდენტებისათვის გამორჩეულად საყვარელი ლექტორი, რომელიც ჩვეული ენერგიითა და მონდომებით იყო ჩართული ახალგაზრდა თაობის აღზრდაში.
ძალიან გვიჭირს კოტეზე წარსულ დროში საუბარი. ის ხომ სიცოცხლის და საოცარი ენერგიულობის განსახიერება იყო. რამდენიმე წელი ებრძოდა ვერაგ დაავადებას მისთვის საყვარელი ადამიანების გვერდში დგომითა და ძალისხმევით. ამ ბრძოლაში ჩვენი ცენტრის თითოეული თანამშრომელი მის გვერდით ვიდექით. ვერ გავიმარჯვეთ, დაგვამარცხა საშინელმა სენმა. 47 წლის ასაკში წავიდა კოტე და დაგვიტოვა უდიდესი სითბო და სიყვარული.



<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>