სტუდენტური კვლევები ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში
ნანახია 706-ჯერ
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბაზაზე “ახალგაზრდულმა სამეცნიერო გაერთიანებამ” (YSU) დაიწყo ერთობრივი მემორანდუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი კვლევის განხორციელება. კვლევა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ აქტუალურ დარგს – ონკოლოგიას ეხება. ლაბორატორიულ თაგვებში შეყვანილ იქნა ერლიხის კარცინომის უჯრედები, რითაც თაგვებში შეიქმნება ავთვისებიანი სიმსივნის მოდელი და სხვადასხვა პირობებში შეფასდება სიმსივნური უჯრედების ზრდის განვითარების დინამიკა.
სტუდენტების მიერ ამ სახის კვლევები საქართველოში ძალიან იშვიათია. თანამედროვე მეცნიერების პროგრესის ფონზე მეტად მნიშვნელოვანია საქართველოში მეცნიერების სფეროში უფრო მეტი სტუდენტის ჩართულობა, მათი ცოდნის დონის ამაღლება, სამეცნიერო მუშაობის გაძლიერება და შემდგომში მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბება. აქედან გამომდინარე, კვლევის ერთ-ერთი მიზანია სხვადასხვა პროფილის და ფაკულტეტის სტუდენტებმა შეიძინონ სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევები. აღნიშნული კვლევის ყველა ეტაპი განხორციელდება YSU წევრების მიერ. რა თქმა უნდა, კვლევის პროცესში სტუდენტებს სამეცნიერო ხელმძღვანელობას გაუწევენ ამ დარგში გამოცდილი ქართველი მეცნიერები.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის რ.კავეცკის სახელობის ექსპერიმენტული პათოლოგიის, ონკოლოგიის და რადიობიოლოგიის ინსტიტუტიდან ერლიხის კარცინომის შტამების შეძენა და საქართველოში ტრანსპორტირება განხორციელდა უშუალოდ “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” წევრების მიერ. ასევე, აღნიშნულმა ვიზიტმა ამ ორგანიზაციას საშუალება მისცა მეგობრული ურთიერთობები დაემყარებინა როგორც აღნიშნულ ინსტიტუტთან, ასევე უკრაინაში არსებულ სხვა ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან.