გარდაიცვალა აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა

ნანახია 1 013-ჯერ

სსიპ ივანე ბერიტაშილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება რომ, გარდაიცვალა აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა.
კარგი ექიმი, წარმატებული მეცნიერი, ღირსეული ხელმძვანელი, საზოგადო მოღვაწე, ჩვენი ცენტრის რადიობიოლოგიის მიმართულების სამეცნიერო კონსულტანტი...
ფრიდონ თოდუა დაიბადა 1944 წლის 9 იანვარს ქალაქ ზუგდიდში. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1968-1990 წწ მუშაობდა ა.ა. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა რიგითი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობიდან მის მიერ შექმნილი კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციამდე.    
 1973 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის, 1984 წელს კი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1988 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება სპეციალობაში სხივური დიაგნოსტიკა და სხივური თერაპია. 2001 წლიდან არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად, 2004–2013 წწ იკავებდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პირველი ვიცე-პერზიდენტის თანამდებობას, 2013 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს – მდივანი.
 იყო 600-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 13 მონოგრაფიის ავტორი, მათ შორის 3 მონოგრაფია გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ. სხვადასხვა გამოგონებებზე მიღებული აქვს 5 საავტორო და 15 საპატენტო მოწმობა. იყო 200–ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო ფორმუმის მონაწილე, 80–ზე მეტი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი.
 ფრიდონ თოდუა იყო საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პროფესორთა საბჭოს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს, სამედიცინო ეთიკის და სხვა მრავალი საბჭოსა და კომისიის წევრი. აგრეთვე ევროპის, ამერიკისა და რიგი საერთაშორისო რადიოლოგიური და ქირურგიული ასოციაციების წევრი.  
 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური მედიცინის დეპარტამენტს, იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეზიდენტურის სასწავლო პროგრამის დირექტორი სამედიცინო რადიოლოგიის დარგში.
1991 წ. თბილისში დააარსა კლინიკო-დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელსაც შემდგომში კლინიკური მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სტატუსი მიენიჭა და დღემდე, მისი ხელმძღვანელობით უწყვეტად ინარჩუნებს წარმატებულ პოზიციას კლინიკურ-დიაგნოსტიკური და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის კუთხით.
დაჯილდოვებულია მრავალი ორდენითა და მედლით. იყო საბჭოთა კავშირის (1988) და საქართველოს (1996) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი მეცნიერების დარგში. დაჯილდოვებულია საქართველოს ორი ღირსების ორდენით (1996/2006წწ), ვახტანგ გორგასლის ორდენით (2009), პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით (2010), საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი წმიდა გიორგის ოქროს ორდენით ,,საქართველოში მედიცინის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის“ (2014). იყო თბილისის საპატიო მოქალაქე (1998).
იყო მრავალი ასოციაციის, საზოგადოების, ფედერაციისა და სხვადასხვა საბჭოს წევრი,   რამდენიმე ქართული და უცხოური სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. რთულია ფრიდონ თოდუას მრავალმხრივი მოღვაწეობის სრულად აღწერა... რთულია სიტყვებით სრულად გამოხატო მწუხარება... რთულია წარსულში საუბარი...
სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
დირექტორი დავით ნადარეიშვილი

<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>