სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის გენდერული თანასწორობის გეგმა

ნანახია 1 037-ჯერ


საჯარო სამართლის უირიდიული პირი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი (შემდგომში „ცენტრი“) წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რომლისთვისაც უპირველეს ღირებულებას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციით განსაზღვრული ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების აღიარება წარმოადგენს.

ცენტრში წარმატებული სამეცნიერო საქმიანობის ღირსეული განხორციელება ეფუძნება თანასწორ შესაძლებლობაზე დამყარებულ, ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციისა და შევიწროების გამომრიცხავ, ღია და თავისუფალი სამუშაო გარემოს შექმნას როგორც წამყვანი მეცნიერებისთვის, ასევე დამხმარე და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

ცენტრი, იცავს რა საქართველოში მოქმედ კანონს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, გმობს განსხვავებულ მოპყრობას მოქალაქეობის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, სქესის, ასაკის, რასის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულებისა და სხვა ნიშნის საფუძველზე.

აღნიშნული ღირებულებების ერთგულების, დაცვისა და სრულყოფილი განხორციელების ვალდებულება ასახულია ცენტრის მისიაში, სამეცნიერო საქმიანობისა და თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელ დოკუმენტებში: ცენტრის წესდებასა და შინაგანაწესში, ასევე კიდევ ერთხელ დასტურდება და განივრცობა წინამდებარე დოკუმენტით.


გეგმა ემყარება ეროვნულ კანონმდებლობას, კერძოდ :

•    საქართველოს კონსტიტუციას;
•    „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონს;
•    საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს შრომის კოდექსს“;
•    საქართველოს კანონს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.


ასევე, საერთაშორიოს აქტებს, კერძოდ:

•    ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციას;
 
•    ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას ;
•    გაერთიანებული ერების ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციას (CEDAW), მის დამატებით ოქმებსა და ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის ზოგად რეკომენდაციებს;

•    პეკინის დეკლარაციას;
•    შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რელევანტური კონვენციებს: კონვენცია #100 მამაკაცთა და ქალთა თანასწორი ანაზღაურების შესახებ თანაბარი ღირებულების შრომისთვის, კონვენცია #111 შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ, კონვენცია #156 ოჯახური ვალდებულებების მქონე დასაქმებული ქალისა და კაცისთვის თანაბარი შესაძლებლობებისა და თანაბარი სამუშაო პირობების შექმნა, კონვენცია; #183 დედობის დაცვის შესახებ.

ზემოხსენებული კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრი უზრუნველყოფს ნებისმიერი ნიშნის განურჩევლად, დასაქმებულთათვის განვითარებისა და წინსვლისთვის თანაბარი გარემოს შექმნას, მათი უფლებების დაცვასა და ოჯახური ვალდებულებების მქონე დასაქმებული ქალისა და კაცისთვის თანაბარი შესაძლებლობებისა და თანაბარი სამუშაო პირობების შექმნას, გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში ქალთა აქტიურ ჩართულობას. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N156 კონვენციის შესაბამისად ცენტრი იღებს სათანადო ზომებს, რომ ოჯახური ვალდებულებების მქონე დასაქმებულებმა, სხვა დასაქმებულების მსგავსად, თანაბარი უფლებებით ისარგებლონ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ასევე, უზრუნველყოფს პროფესიული და ოჯახური ვალდებულებების შეთავსების შესაძლებლობის ქონას.


ცენტრის გენდერული თანასწორობის გეგმა: მიზანი და ძირითადი პრინციპები

წინამდებარე გეგმის შემუშავების მიზანს წარმოადგენს ცენტრში გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების დანერგვა და უზრუნველყოფა, როგორც ცენტრის მართვის, ასევე სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პროცესში.

გეგმა ითვალისწინებს ცენტრის საქმიანობაში გენდერული თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და ინტეგრირების ხელშეწყობას, ასევე ევროკომისიის გენდერული სტრატეგიისა და ევროპული სამეცნიერო სივრცის ძირითად პრინციპებსა და რეკომენდაციებს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, როგორც ადმინისტრაციული საქმიანობის, ასევე კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით.


ყურადღება გამახვილებულია შემდეგ თემატურ ასპექტებზე:

•    სამუშაო გარემოს ბალანსი და ორგანიზაციული კულტურა;
 
•    გენდერული ბალანსი ლიდერობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
•    გენდერული თანასწორობა რეკრუტირებასა და კარიერულ განვითარებაში;
•    გენდერული საკითხების ინტეგრირება კვლევასა და საგანმანათლებლო მასალებში;
•    სპეციალური    ზომების გატარება გენდერული უთანასწორობის საფუძველზე; არსებული დისკრიმინაციის, მათ შორის სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ;
•    დისკრიმინაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმები;
•    პროფესიული და ოჯახური ვალდებულებების შეთავსების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.


ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ცენტრში გენდერული თანასწორობის გეგმის წარმატებულ განხორციელებას:

1. გენდერული თანასწორობის გეგმის განსახორციელებლად ინსტიტუციური რესურსების მობილიზება და შესაბამისი მიმართულებით მომუშავე კომისიის ჩამოყალიბება.
•    ცენტრის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება რესურსები გენდერული თანასწორობის გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებული აქტივობების უზრუნველსაყოფად;
•    ცენტრის ადამიანური რესურსების სამსახურთან შეიქმნება სამი წევრისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი (გენდერული თანასწორობის კომისია), რომელსაც დაევალება გეგმის წარმატებულ განხორცილებასთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და ყოველწლიური ანგარიშის მომზადება.
2. სისტემატური სიტუაციური ანალიზი გენდერული თანასწორობის მიმართულებით, შეფასების ინდიკატორების შემუშავება და მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა.
•    გენდერული კომისია შეიმუშავებს გეგმის განხორციელების შეფასების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ინდიკატორებს;
•    განხორციელდება ყოველწლიური სიტუაციური ანალიზი;
•    ცენტრის ადმინისტრაცია დანერგავს როგორც ყოველწლიური, ასევე ხუთწლიანი მონიტორინგის მექანიზმებს.
3. თანაბარი მოპყრობის პრინციპის განმტკიცების მიზნით ქალთა ხელშეწყობის მიდგომის დანერგვა
•    ცენტრის დირექცია თანაბარი მოპყრობის პრინციპს ავრცელებს ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე;
•    სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პირობებისა და მთავარი მეცნიერ თანამშრომლების საატესტაციო კრიტერიუმების შემუშავების პროცესში ცენტრის დირექცია და სამეცნიერო საბჭო სრულად იზიარებენ თანაბარი მოპყრობის ძირითად ღირებულებებს;
 
•    გენდერული თანასწორობის მიმართულებით მომუშავე სამუშაო ჯგუფის მიერ სისტემატურად მოხდება ქალთა სპეციალური საჭიროებების გამოვლენა და პრობლემის აღმოსაფხვრელი მექანიზმების შემუშავება.
4. კარიერული წინსვლის ხელშეწყობა როგორც ადმინისტრაციული, ასევე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.
•    უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ქალბატონების მხრიდან მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა აღინიშნება როგორც სამეცნიერო კვლევითი, ასევე ადმინისტრაციული და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მიმართულებით;
•    გენდერული თანასწორობის კომისია შეისწავლის აღნიშნული წინსვლის განმაპირობებელ მექანიზმებს და უზრუნველყოფს პროგრესის შემდგომ ხელშეწყობას.
5. გენდერული თანასწორობის პრინციპის დანერგვა ხარისხის უზრუნველყოფისა და შეფასების მექანიზმებში.
•    ცენტრის საქმიანობის ანგარიშგების პროცესში შემუშავებულ შეფასების ინდიკატორებში გათვალისწინებული იქნება გენდერული თანასწორობის პრინციპიც
6. გენდერული ასპექტის ინტეგრირება სამეცნიერო კვლევასა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში
•    კომისიის მიერ კვლევისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში გენდერული ასპექტების გათალისწინების შესახებ სახელმძღვანელოს პრინციპების/გზამკვლევის შემუშავება და ცენტრის თანამშრომლებისთვის გაცნობა.
7. გენდერული საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგებისა და სპეციალური ღონისძიებების ორგანიზება
•    გენდერული თანასწორობის კომისია უზრუნველყოფს გენდერული საკითხების ძირითადი ასპექტების შესახებ ტრენინგების ორგანიზებას;
•    კვლავინდებურად ხელი შეეწყობა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებას;
•    ცენტრის თანამშრომლები სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდნენ ჰორიზონტი 2020 -ის მიერ დაფინანსებული პროექტის Caliper-ის სხვადასხვა ღონისძიებებში, საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკა გაზიარებული იქნება ცენტრის ყველა თანამშრომლისთვის
8. ჯანსაღი, თანაბარი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბების მიზნით, კომუნიკაციის პროცესში გენდერული უთანასწორობის განმტკიცების ხელშემწყობი და არაჯანსაღი სტერეოტიპების გამაძლიერებელი ფრაზეოლოგიის გამოყენების შეზღუდვა
•    აღნიშნული საკითხები განხილული იქნება გენდერული თანასწორობის მიმართულებით ცნობადობის ამაღლებისთვის ორგანიზებული ტრენინგებისა და სხვა სახის ღონისძიებების მიმდინარეობისას;
 
•    დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით ცენტრის შინაგანაწესით გათვალისწინებული წარმოების დაწყება.
9. სექსუალური შევიწროვების, ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი ქმედებების აღმოფხვრისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებების შემუშავება. სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება
•    ცენტრში შინაგანაწესით განსაზღვრულია დისციპლინარული კომიტეტის მუშაობა, რომელსაც ევალება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციულ ფაქტებზე (მათ შორის გენდერული თანასწორორობის შემლახავ ფაქტებზე) სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება
•    დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დაეკისრება დამრღვევ პირს და უზრუნველყოფილი იქნება დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

წარმოდგენილი ღონისძებების გატარება ხელს შეუწყობს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების დანერგვას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ცენტრის წარმატებული სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობის განხორციელებას.



gender-gep.pdf




<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>