პროექტი “Vejini Life Science”

2019 წლის 22 მაისს, ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში, პროექტი “Vejini Life Science”-ის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების თანამშრომელთათვის და სკოლების მოსწავლეთათვის ჩატარდა შეხვედრა. შეხვედრას ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორის მოადგლე თამარ დომიანიძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის და განათლების განყოფილების უფროსი თამარ ფურცელაძე, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი და გურჯაანის საბიბლიოთეკო-სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელი სალომე ბოგვერაძე ესწრებოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების თანამშრომლებს ესაუბრა თანამედროვე საბიბლიოთეკო და საინფომაციო ტექნოლოგიების შესახებ. დამსწრე საზოგადოება დიდი ინტერესით ჩაერთო დისკუსიაში, ისაუბრეს მათ ბიბლიოთეკებში არსებულ პრობლემებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ბიბლიოთეკის თანამშრომლებს დახმარება აღუთქვა და დაიგეგმა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასა და გურჯაანის საბიბლიოთეკო-სამუზეუმო გაერთიანებასა და სოფლის ბიბლიოთეკებთან მომავალი სხვადასხვა სახის თანამშრომლობა. შეხვედრის შემდეგ გურჯაანის ბიბლიოთეკების 26 თანამშრომელს ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის გადაეცათ სერთიფიკატები. ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეთათვის ჩაატარა პრეზენტაცია „თანამედროვე საინფორმაციო და საბიბლიოთეკო რესურსების და სერვისების შესაძლებლობები მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის“. მოსწავლეები დიდი ინტერესით ისმენდნენ მოხსენებას და დასვეს საინტერესო შეკითხვები. დისკუსიის დასრულების შემდგომ მოხსენების ირგვლივ ირაკლი ღარიბაშვილმა მოსწავლეებს დაუსვა 7 შეკითხვა და გამარჯვებულ მოსწავლეებს გადასცა სუვენირები. შვიდ გამარჯვებულ მოსწავლეთა შორის ჩატარდა კონკურსი, დაისვა ერთი კითხვა, რომლის გამარჯვებულიც გახდა გურჯაანის 1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ქეთევან ზირაქაშვილი. ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინს ცენტრის დირექტორის მოადგილემ თამარ დომიანიძემ და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა სწორი პასუხის ავტორს საჩუქრად 3D კალამი გადასცეს. ამასთანავე შვიდივე გამარჯვებულ მოსწავლეს პროექტი “Vejini Life Science” -ში აქტიური მონაწილეობისთვის გადაეცათ სერთიფიკატები. დასასრულს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორის მოადგილემ თამარ დომიანიძემ სკოლის მოსწავლეებს აცნობა რომ 2019 წლის 21-30 სექტემბერს ტარდება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმეტული ბიომედიცინის ცენტრის ორგანიზებით ვეჯინში ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში იგეგმება საბავშვო ნახატების გამოფენა-კონკურსის ჩატარება. კონკურსი ჩატარდება ორ ნომინაციაში: 1. ჩემი დიდი თანამემამულე, გამოჩენილი მეცნიერი ივანე ბერიტაშვილი (ი.ბერიტაშვილის პორტრეტი) და 2. 21- ე საუკუნის მეცნიერება. ნახატებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური და გამარჯვებული ნახატების ავტორებს გადაეცემათათ ფასიანი საჩუქრები, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცემათ სამახსოვრო სიგელები. ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე პროექტს “Vejini Life Science” ყოველთვიური სახე ექნება და აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.