თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ბიომედიცინის ცენტრს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტულ ბიომედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მხარეები სიცოცხლის შემსწავლელი დარგების განვითარებას შეუწყობენ ხელს. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა მოაწერეს.    

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თანამშრომლობის მემორანდუმი სამეცნიერო, ინტელექტუალური ძალების გაერთიანებას და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას გულისხმობს. „ჩვენი თანამშრომლობა მრავალმხრივი იქნება. ჩავატარებთ ერთობლივ კვლევებს, რისთვისაც არსებობს დღეს ისეთი განვითარებული სტრუქტურები, როგორიც არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბიომედიცინის ცენტრი. ამ კუთხით ორივეს ძალიან კარგი პოტენციალი გააჩნია. ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მეცნიერ-თანამშრომლებისთვის,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

როგორც ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ისეთი ფორმატი, სადაც კვლევა, სწავლა და სწავლება  განუყოფელია. „ჩვენი ცენტრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია, ვინც ამ ფორმატში ითანამშრომლებს ერთმანეთთან. ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანია ურთიერთშეხების გზების ძიება. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის,“ - აღნიშნა ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა.    

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთობლივად გეგმიურ, მსხვილმასშტაბიან სამეცნიერო-კვლევით და საგრანტო პროექტებს განახორციელებენ; ხელს შეუწყობენ როგორც ტრადიციული, ასევე ახალი და უახლესი ინტერდისციპლინური დარგების და ქვედარგების განვითარებას საქართველოში და მიღებულ შედეგებს საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენენ;  ჩაატარებენ ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებს; ერთობლივად მოამზადებენ სამეცნიერო პუბლიკაციებს მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში და გამოცემებში გამოსაქვეყნებლად.