ივანე ბერიტაშვილი

ივანე სოლომონის ძე ბერიტაშვილი (ბერიტოვი) დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს საქართველოში, სოფელ ვეჯინში (გურჯაანის რაიონი, კახეთი), მღვდლის ოჯახში. დაწყებითი განათლება თელავის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, საშუალო განათლება - თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1906 წელს სიმწიფის ატესტატის გამოცდები ჩააბარა თბილისის მე-2 ვაჟთა გიმნაზიაში. იმავე წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე შევიდა და სულ მალე მიიპყრო პროფესორ-მასწავლებელთა ყურადღება თავისი ნიჭით და შრომისმოყვარეობით. მესამე კურსზე ფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში პროფესორ ნ.ვედენსკის ხელმძღვანელობით ექსპერიმენტული საქმიანობა დაიწყო - რეფლექსური მოძრაობების ზურგის ტვინის კოორდინაციის პრობლემას იკვლევდა. მისი ამ პირველი მეცნიერული კვლევის შედეგები 1910 წელს გამოქვეყნდა.

უნივერსიტეტის პირველი ხარისხის დიპლომით დამთავრების შემდეგ ნ.ვედენსკიმ იგი ორნახევარი წლით ფიზიოლოგიის კათედრაზე დატოვა და სტიპენდიაც დაუნიშნა, შემდეგ კი კათედრის ისტორიაში პირველად - კიდევ ორი წლით. ამ პერიოდში ის პროფესორ პ.ლესგაფტის ასისტენტის მოვალეობასაც ასრულებდა ქალთა უმაღლეს კურსებზე.

სიმიანი გალვანომეტრის მეშვეობით ბიოდენების რეგისტრაციის მეთოდიკის ასათვისებლად ი.ბერიტაშვილი ქალაქ ყაზანში მიავლინეს, ყაზანის უნივერსიტეტის პროფესორ ა.სამოილოვთან, ხოლო თბილსისხლიანი ცხოველების ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ცდების ჩატარების მეთოდიკის შესასწავლად კი - ჰოლანდიაში, ქ.უტრეხტში, ცნობილი ფიზიოლოგის დზ ფარმაკოლოგის რუდოლფ მაგნუსის სამეცნიერო ლაბორატორიაში.

1914-1915 წლებში ი.ბერიტაშვილმა პეტერბურგის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად გამოცდები ჩააბარა.

1915 წელს ის ოდესაში, „ნოვოროსიის“ უნივერსიტეტში გადავიდა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ფიზიოლოგიის კათედრის უფროს ასისტენტად. 1916 წელს პრივატ-დოცენტის წოდებით კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიის სპეციალური კურსის წაკითხვა დაიწყო. იმ დროს ი.ბერიტაშვილი თავდაცვით პირობით რეფლექსებს იკვლევდა.

1919 წელს ი.ბერიტაშვილი ცოტა ხნით ადრე ჩამოყალიბებულ თბილისის უნივერსიტეტში მიიწვიეს და ფიზიოლოგიის პროფესორად აირჩიეს. ის სათავეში ჩაუდგა ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრას ბიოლოგიის ფაკულტეტზე.

ი.ბერიტაშვილის პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის უნივერსიტეტში დიდი თეორიული და პრაქტიკული სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე გამოცემით დაიწყო. მან მაშინვე გაუკეთა ორგანიზაცია სტუდენტების პრაქტიკულ მეცადინეობებს და მოკლე ხანში შეძლო კვლევითი მუშაობისათვის ეროვნული კადრების მომზადება. თანამშრომლებთან ერთად მან კუნთების შეკუმშვის უნარის და ცხოველთა ქცევის კანონზომიერებების შესწავლა დაიწყო. 1934 წელს მას გადაეცა საკავშირო სოციალისტური შეჯიბრის კომიტეტის საპატიო სიგელი სწავლების საუკეთესოდ ორგანიზებისთვის. ი.ბერიტაშვილი 1960 წლამდე თბილისის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრის გამგე იყო, ხოლო კათედრის სამეცნიერო საქმიანობას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

1934 წელს ი.ბერიტაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ექსპერიმენტული ბიოლოგიის ინსტიტუტი ჩამოაყალიბა, რომელსაც 1935 წელს ფიზიოლოგიის ინსტიტუტად გარდაიქმნა და ი.ბერიტაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის 25 წლისთავთან დაკავშირებით მისი სახელი მიენიჭა. 1941 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაფუძნების შემდეგ, ფიზიოლოგიის ინსტიტუტი აკადემიის სისტემაში გაერთიანდა. ინსტიტუტში ი.ბერიტაშვილი ცენტრალური შეკავების, ტვინის ელექტრული აქტივობის პრობლემებთან დაკავშირებით კომპლექსურ გამოკვლევებს ხელმძღვანელობდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ფიზიოლოგიის ინსტიტუტი სამხედრო ჰოსპიტალებში ადამიანის ორგანიზმზე დარტყმითი ტალღის ზემოქმედებას შეისწავლიდა და ტვინის დაზიანებების ელექტროენცეფალოგრაფიულ დიაგნოსტიკას ახდენდა. ამ საქმიანობისათვის ი.ბერიტაშვილი დაჯილდოვდა მედლებით „მამაცური შრომისათვის დიდი სამამულო ომის პერიოდში 1941-1945 წწ.“ და „კავკასიის დაცვისათვის“.

1950 წელს მოსკოვში შედგა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიისა და საბჭოთა კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის გაერთიანებული სამეცნიერო სესია, მიძღვნილი ი.პავლოვის ფიზიოლოგიური მოძღვრებისადმი, სადაც აკადემიკოსები ლ.ორბელი, ი.ბერიტაშვილი, ლ.შტერნი და სხვა ცნობილი მეცნიერები პავლოვის მოძღვრების მტრებად გამოცხადდნენ. ი.ბერიტაშვილი ამ სესიას საავტომობილო ავარიის დროს მიღებული ტრავმის გამო ვერ ესწრებოდა. მან სესიას წერილობით მიმართა - ბრწყინვალედ გადმოცემული საკუთარი კონცეფცია გაუგზავნა და მოითხოვა მისი საჯაროდ წაკითხვა.

1951 წელს პავლოვის საბჭოს სხდომაზე მოეწყო ბერიტაშვილის კონცეფციის საჯარო განხილვა, რომელზეც ითქვა, რომ ი.ბერიტაშვილი „იდეალიზმის ჭაობში ჩაეფლო“, რომ მისი საქმიანობა ზიანს აყენებს საბჭოთა მეცნიერებას და ა.შ. ამის შემდეგ ივანე ბერიტაშვილი ინსტიტუტის დირექტორობიდან გადააყენეს, ბევრი მისი თანამშრომელი და მოსწავლე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, „პავლოვის მოძღვრების მტრების“ საწინააღმდეგო კამპანია შეწყდა. ი.ბერიტაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის ახალი ეტაპი დაიწყო. მან სივრცეში ცხოველების ორიენტაციის კომპლექსური კვლევა ჩაატარა, ხოლო 60-იანი წლების შუა ხანებში მეხსიერების სტრუქტურული, ფიზიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური საფუძვლების შესწავლის ფართო პროგრამა დაგეგმა. ნეიროფიზიოლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ამ ურთულესი საკითხებისადმი მიძღვნილი ნაშრომები ი.ბერიტაშვილის გედის სიმღერა აღმოჩნდა.

ი.ბერიტაშვილი ბრწყინვალე ექსპერიმენტატორი და უდიდესი თეორეტიკოსი გახლდათ. მისი მონაცემები მაქსიმალური სიზუსტით გამოირჩეოდა, ხოლო მისი ცდების შედეგები არასდროს გამხდარა სადავო. ბევრ მის თეორიულ დასკვნაში წინასწარმეტყველია ის, რაც მრავალი წლის შემდეგ იქნა აღმოჩენილი ახალი ტექნიკური მიღწევების წყალობით. მეცნიერის გამოკვლევებს, რომლებიც ნეიროფიზიოლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის პრობლემებს ეხება, აერთიანებს ნერვული სისტემის მოქმედების ზოგადი კონცეფცია, რომელსაც ის ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა.

ი. ბერიტაშვილის კალამს ეკუთვნის 400-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა დიდი ნაწილი თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. მრავალმხრივმა მეცნიერულმა ინტერესებმა და ექსპერიმენტული კვლევების მასშტაბმა, რომლებიც ეხებოდა ტვინის, კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიის სხვადასხვა ნაწილს, საშუალება მისცა ი.ბერიტაშვილს, შეექმნა უნიკალური სახელმძღვანელო „კუნთოვანი და ნერვული სისტემის ზოგადი ფიზიოლოგია“. ის რამდენჯერმე გამოიცა და ნეიროფიზიოლოგთა რამდენიმე თაობის სამაგიდო წიგნად იქცა.

ივანე ბერიტაშვილის კვლევების მეთოდოლოგიური საფუძველი იყო მატერიალიზმი, რაც აშკარად გამოვლინდა მის ყველა ნაშრომში, კერძოდ კი ნაშრომებში, რომლებიც ტვინის უმაღლეს ფუნქციებს ეხება, აგრეთვე მის გამუდმებულ სწრაფვაში, დაეკავშირებინა სტრუქტურა და ფუნქცია. ამგვარმა მიდგომამ დიდი როლი შეასრულა და ახლაც ასრულებს ფსიქიკური მოვლენებისადმი მონისტური მიდგომის დამკვიდრებაში.

ი.ბერიტაშვილმა დიდი შრომა გასწია საქართველოში ბიოლოგიური მეცნიერების ორგანიზაციისათვის. ის ხელმძღვანელობდა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ბიოლოგიურ სექტორს, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საბუნებისმეტყველო განყოფილებას, შემდგომ კი ბიოლოგიურ და სამედიცინო მეცნიერებათა განყოფილებას. ის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში რიგი მეცნიერული მიმართულებების, კერძოდ, ბიოფიზიკის და რადიობიოლოგიის განვითარების ინიციატორი გახლდათ.

ი.ბერიტაშვილის ძალისხმევით 1939 წელს დაარსდა საქართველოს ფიზიოლოგთა, ბიოქიმიკოსთა და ფარმაკოლოგთაა საზოგადოება (ამჟამად საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოება). იგი აქტიურად მონაწილეობდა მთელ რიგ საერთაშორისო, საკავშირო და ამიერკავკასიის ფიზიოოგთა ყრილობებში. 1948 წლის მაისში ი.ბერიტაშვილის თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა ფიზიოლოგიურ კონფერენციებს ქ.გაგრაში, რომლებზეც ნეიროფიზიოლოგიის აქტუალური საკითხების განსახილველად იწვევდნენ სპეციალისტთა ვიწრო წრეს. ამ ღონისძიებას „გაგრის საუბრები“ ეწოდა. გაგრის საუბრებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფიზიოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. ივანე ბერიტაშვილის მეცნიერულმა ნაშრომებმა ფართო აღიარება მოიპოვა საბჭოთა კავშირსა და უცხოეთში და დიდი გავლენა მოახდინა ფიზიოლოგიის განვითარებაზე.

ივანე ბერიტაშვილი იყო მეცნიერებათა სამი აკადემიის ნამდვილი წევრი: სსრკ მეცნიერებათა აკადემიის (1939 წლიდან), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (1941 წლიდან) და სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის (1944 წლიდან). არჩეული იყო ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად, ელექტროენცეფალოგრაფიის საზოგადოების (აშშ) წევრად, ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO) წევრად და სხვა. ნაშრომისათვის „კუნთოვანი და ნერვული სისტემის ზოგადი ფიზიოლოგია“ ი.ბერიტაშვილს 1941 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა, ხოლო ნაშრომისათვის „ხერხემლიან ცხოველთა მეხსიერება, მისი დახასიათება და წარმოშობა“ - საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია. იმავე წელს იგი სტალინის პრემიის ლაურეატი გახდა. ნერვული სისტემის ფიზიოლოგიაში გაკეთებული აღმოჩენებისათვის მას მიენიჭა ი.პავლოვისა და ი.სეჩენოვის სახელობის პრემიები.

დიდი მეცნიერული დამსახურებისათვის, აქტიური საზოგადოებრივი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ი.ბერიტაშვილს 1964 წელს სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიენიჭა. იგი დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით - ორგზის, მედლებით. 1974 წლის 29 დეკემბერს ი.ბერიტაშვილი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.