გამოჩენილი მეცნიერები

გიორგი მჭედლიშვილი (1921-2014)

პროფესორი გიორგი მჭედლიშვილი, მიკროცირკულაციისა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მსოფლიოში აღიარებული, გამოჩენილი ქართველი მკვლევარი, დაიბადა ქ. თბილისში 1921 წლის 16 ივნისს. 1944 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და შემდეგ ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა (1947 წელს) პათოლოგიური ფიზიოლოგიის სპეციალობით. საკანდიდატო დისერტაცია გ.მჭედლიშვილმა (შესრულებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის ვ. ვორონინის ხელმძღვანელობით) დაიცვა 1947 წელს თბილისში, ხოლო სადოქტორო - მოსკოვში 1957 წელს.

სამეცნიერო მოღვაწეობა ნორმალური და პათოლოგიური ფიზიოლოგიის დარგში გ.მჭედლიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში 1942 წელს დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა და ხელმძღვანელობდა სამეცნიერო ქვედანაყოფებს: პათფიზიოლოგიის განყოფილება (1963 წლამდე), შემდეგ კი სისხლის მიმოქცევის ფიზიოლოგიის და პათოლოგიის ლაბორატორია.

გ. მჭედლიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი სფერო უცვლელად იყო მიკროცირკულაციის და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის (ძირითადად თავის ტვინის) ნორმალური და პათოლოგიური ფიზიოლოგია. მისი სამეცნიერო პროდუქცია 1946-2004 წლების განმავლობაში მოიცავს 700-მდე პუბლიკაციას, მათ შორის 7 სამეცნიერო მონოგრაფიას, რომელთაგან 2 გამოიცა ლენინგრადში და 2 ნიუ-იორკში. 13 სამეცნიერო წიგნი გამოიცა მისი რედაქტორობით (მათ შორის 8 - ინგლისურ ენაზე), 370-ზე მეტი სამეცნიერო სტატია (მათ შორის 130 ინგლისურ ენაზე), 25 სტატია ენციკლოპედიებში, 4 სამეცნიერო-პოპულარული წიგნი და 300-ზე მეტი სამეცნიერო მოხსენებათა თეზისი.

საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ექსპერტიზამ ორი ფიზიოლოგიური მოვლენა, რომლებიც მსოფლიოში პირველად იყო აღწერილი გ. მჭედლიშვილის სამეცნიერო შრომებში აღიარა, როგორც სამეცნიერო აღმოჩენა და მოახდინა მათი შესაბამისი რეგისტრაცია. ესენი იყო: „ადამიანისა და ცხოველთა სისხლის მიმოქცევის სისტემაში ერითროციტების განაწილების კანონზომიერებანი“ (1954) და „თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის რეგულაცია მაგისტრალური და პიალური არტერიებით“ (1959).

გ.მჭედლიშვიილის ხელმძღვანელობით მომზადდა მრავალი სამეცნიერო კადრი, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ არა მარტო საქართველოში, არამედ პოლონეთში, შვედეთში, გერმანიაში და ამერიკაში.

1963-1990 წლებში გ.მჭედლიშვილმა დააფუძნა და ჩაატარა 7 საერთაშორისო სიმპოზიუმი (მსოფლიოში ცნობილი „თბილისური სიმპოზიუმების“ დასახელებით), რომლებზეც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები განიხილავდნენ მიკროცირკულაციის და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის აქტუალურ პრობლემებს.

გ. მჭედლიშვიილის ავტორობით გამოცემული მონოგრაფიების სია:

  • Г. И. Мчедлишвили. Капиллярное кровообращение. изд. АН Груз. ССР, Тбилиси, 1958.
  • Функция сосудистых механизмов головного мозга Л. «Наука» Ленинградское отд. 1968
  • G.Mchedlishvili. Vascular Mechanisms of the Brain. Plenum Publishing Corporation. New York and London, 1972
  • Г. И. Мчедлишвили. Спазм артерий головного мозга. изд. «Мецниереба», Тбилиси, 1977.
  • G.Mchedlishvili. Arterial Behavior and Blood Circulation of the Brain. «Plenum Press». New York and London, 1986,
  • G.Mchedlishvili, M.Y.Purves, A.G.B.Kovách (Eds.). Regulation of Cerebral Circulation. Proc. of the 4th Tbilisi Symposium. Publ. «Akadémiai Kiadó», Budapest, 1979,
  • G.Mchedlishvili, M.Tomita, R.Tuma (Eds). Microcirculation of the Brain. A Synoptic View by World Experts. «NOVA Science Publishers», New York, 1992,

 

 

ალექსანდრე ბაკურაძე (1905-1987)

ალექსანდრე ბაკურაძე დაიბადა 1905 წლის 11 დეკემბერს საქართველოში, წალკის რაიონის სოფელ რეხაში. 1924 წელს მან დაამთავრა საშუალო სკოლა თბილისში და იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1930 წელს იგი ასისტენტად მიიწვიეს ახლადდაარსებულ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრაზე. 1938 წელს იგი კათედრის დოცენტად აირჩიეს, ხოლო 1945 წლიდან 1985 წლამდე ფიზიოლოგიის კათედრის გამგე იყო.

1933 წელს ალექსანდრე ბაკურაძემ, ივანე ბერიტაშვილის მიწვევით, დაიწყო მუშაობა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალის საქართველოს განყოფილების ბიოლოგიის სექტორში. 1934-35 წლებში იგი ლენინგრადსა და მოსკოვში ეცნობოდა ახალ მეთოდებს და თავადაც აწარმოებდა კვლევას ი. პავლოვის, ე. ლონდონის და ი. რაზენკოვის ლაბორატორიებში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, იგი 1951 წლამდე განაგრძობდა კვლევით მუშაობას ფიზიოლოგიის ინსტიტუტში.

1951 წელს ალექსანდრე ბაკურაძე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კურორტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის ლაბორატორიის გამგედ დაინიშნა. 1966 წელს იგი კვლავ მიიწვიეს ი.ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც მან პრიმატების ქცევის შემსწავლელი ლაბორატორია ჩამოაყალიბა.

1968-1975 წლებში ა. ბაკურაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი იყო.

ალექსანდრე ბაკურაძის სამეცნიერო კვლევის ინტერესი სამი მიმართულებით ვითარდებოდა: ვისცერული სისტემების ფიზიოლოგია, ნეიროფიზიოლოგია და ნეიროფსიქოლოგია, ექსპერიმენტული კურორტოლოგია და ფიზიოთერაპია.

ალექსანდრე ბაკურაძე, ივანე ბერიტაშვილთან ერთად, ავტორია ფუნდამენტური გამოკვლევებისა ზურგის ტვინის ფიზიოლოგიაში, რომელსაც მოჰყვა უკუშეკავების მოვლენისა და შემაკავებელი ნეირონების აღმოჩენა (1940). ა. ბაკურაძემ ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ზურგის ტვინის ბიოპოტენციალების ელექტროგრაფიული რეგისტრაცია და აჩვენა, რომ ზურგის ტვინის ზოგადი შეკავება ხორციელდება როლანდის ჟელატინისებური სუბსტანციის მეშვეობით. თანამშრომლებთან ერთად, მან საქართველოში პირველმა დაიწყო პრიმატებში დასწავლისა და მეხსიერების პრობლემების დამუშავება, მეხსიერების პროცესებში ტვინის ცალკეული სტრუქტურის, განსაკუთრებით კი - პრეფრონტალური ქერქის როლის შესწავლა. საყოველთაოდ აღიარებულია ა. ბაკურაძის დამსახურება საჭმლის მონელების ფიზიოლოგიის განვითარებაში, შიმშილისა და მაძღრობის რეგულაციის ნეიროჰუმორული მექანიზმების შესწავლაში.

ალექსანდრე ბაკურაძის ნაშრომები ექსპერიმენტული კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სფეროში შეეხება ფიზიკური და კლიმატური ფაქტორების ზემოქმედებას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, ექსპერიმენტული ართრიტების მიმდინარეობაზე, პერიფერიული ნერვული სისტემის აღდგენასა და ჭრილობების შეხორცებაზე.

1941-45 წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ალექსანდრე ბაკურაძე მუშაობდა ევაკოჰოსპიტალებში, სადაც თავში დაჭრის შედეგად კონტუზირებულ და ეპილეფსიით დაავადებულ მებრძოლებს ელექტროენცეფალოგრაფიულ გამოკვლევებს უტარებდა. ა. ბაკურაძემ, ი. ბერიტაშვილთან და სხვა მეცნიერებათან ერთად, ექსპერიმენტულად შეისწავლა აფეთქების ტალღის მოქმედება ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე და აფეთქებით გამოწვეული დაზიანებისაგან დაცვის საშუალებები შეიმუშავა.

ალექსანდრე ბაკურაძეს დიდი დამსახურება აქვს ექიმთა მრავალი თაობის აღზრდაში, მან შექმნა დიდი სამეცნიერო სკოლა. ალექსანდრე ბაკურაძე 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის - 4 მონოგრაფიის ავტორია. შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ალექსანდრე მოწაფეების მხრივ რეკორდსმენი იყო. მისი ხელმძღვანელობით და კონსულტაციით შესრულდა 27 სადოქტორო და 92-ზე მეტი საკანდიდატო დისერტაცია მედიცინის არაერთი მიმართულებით.

იგი გახლდათ ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO) წევრი, მრავალჯერ იყო არჩეული ი. ბერიტაშვილის სახელობის საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრად (სწავლული მდივანი, თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე) და ი. პავლოვის სახელობის ფიზიოლოგთა საკავშირო საზოგადოების პრეზიდიუმის წევრად; იგი ხელმძღვანელობდა ქართული ენციკლოპედიის ფიზიოლოგიის სექციას, იყო რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი.

ალექსანდრე ბაკურაძე მრავალი სამეცნიერო ფორუმის მონაწილე, საჭმლის მონელების ფიზიოლოგიის, ექსპერიმენტული კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის საკითხებისადმი მიძღვნილი რამდენიმე მასშტაბური, საკმარისად ფართო გეოგრაფიის მქონე კონფერენციის ორგანიზატორი ბრძანდებოდა. მისი ღვაწლი ქართული სამეცნიერო სკოლის და სამედიცინო განათლების სფეროში აღნიშნულია ი. თარხნიშვილის პრემიით, მრავალი სახელმწიფო ჯილდოთი. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა კიდევ დიდხანს იქნება ორიენტირი ქართულ ბუნებისმეტყველებასა და მედიცინის დარგში მოღვაწე მკვლევარებისათვის.

 

ალექსანდრე ბრეგაძე (1901-1978)

დაიბადა 1901 წლის 29 მარტს ქ.ქუთაისში

1926 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ლაბორანტად, 1928 წლიდან - ასისტენტად, შემდეგ, 1930 წლიდან - დოცენტად. 1941 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ბიოლოგიაში. იმავე წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება. 1960 წლიდან ა.ბრეგაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა.

ა.ბრეგაძის ძირითადი შრომებია:

„კვების ინდიციდური რეაქციების გამომუშავება შინაურ კურდღლებზე“ (1929),

„ძაღლის ინდივიდური რეაქცია რიგობით თვლაზე“ (1936),

„ერთსა და იმავე გამღიზიანებელზე მორიგეობით სხვადასხვაგვარ რეაქციათა გამომუშავება“(1965) და სხვა.

1937 წ. ა.ბრეგაძე გახდა ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი;

1972 წ. მას მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

1974 და 1976 წწ. იგი დაჯილდოვდა თსუ-ს უმაღლესი ჯილდოთი, აკადემიკოს ი. ჯავახიშვილის მედლით.

ა.ბრეგაძე გარდაიცვალა 1978 წლის 10 მაისს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

საურმაგ ბუთხუზი (1927-2010)

საქართველოში ტკივილისა და ანალგეზიის ფიზიოლოგიის მეცნიერული მიმართულებისა და ლაბორატორიის დამფუძნებელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საურმაგ ბუთხუზი დაიბადა 1927 წლის 22 ივლისს. მისი მშობლები იყვნენ: მიხეილ ბუთხუზი და ნინა ჩაჩანიძე. მიხეილ ბუთხუზი პროფესიით ექიმი ქირურგი XX საუკუნის 30-იან წლებში მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ქირურგად, ხოლო დიდი სამამულო ომის დროს იყო აღმოსავლეთის ფრონტის მე-10 დივიზიის წამყვანი ქირურგი და სამედიცინო სანიტარული ბატალიონის მთავარი ექიმი, შემდგომში კი სსრკ-ს ბალტიის ფლოტის წამყვანი ქირურგი. მიღებული ჰქონდა ორი წითელი ვარსკვლავის ორდენი. 1949 წსაურმაგ ბუთხუზმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი და 1949-53 წწ მუშაობდა ყბა-სახის ქირურგად თსსი-ს ყბა-სახის ქირურგიის კათედრაზე, სადაც გაიარა ორდინატურა, სადაც მან რამოდენიმე სტომატოლოგიური ქირურგიის მეთოდის მოდიფიკაცია მოახდინა, რაზეც მიღებული ჰქონდა გამოგონების სიგელი. 1953-56 წლებში იგი არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი და აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით იცავს საკანდიდატო დისერტაციას ნერვ-კუნთის ფიზიოლოგიაში. რომლის ოპონენტადაც მოწვეულ იქნა ცნობილი სპეციალისტი ლენინგრადიდან - პროფესორი ელგრაფ ჟუკოვი. რომელმაც ძალიან მაღალი შეფასება მისცა ნაშრომს და დისერტაციის ფრაგმენტი გამოაქვეყნა თავის ცნობილ მონოგრაფიაში. 1969 წელს კი იგი იცავს სადოქტორო დისერტაციას კუდიანი ბირთვის ფუნქციონირების შესახებ. 1956-61 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ჯერ უმცროს, ხოლო 61-76 წლებში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1976-2005 წლებში იყო მისივე დაფუძნებული ტკივილისა და ანალგეზიის ნეიროფიზიოლოგიის ლაორატორიის გამგე. მას აქვს გამოქვეყნებული 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო-ფიზიოლოგიურ ჟურნალებში და არის მონოგრაფიის ავტორი, რომელსაც მიენიჭა თარხნიშვილის პრემია. სსრკ-ს ფიზიოლოგებს შორის მან პირველმა სისტემატურად შეისწავლა თავის ტვინის ბაზალური ბირთვების ფუნქციები, ქერქისა და ქერქქვეშა ბირთვების ურთიერთობის რეტიკულური ფორმაციის ფიზიოლოგიური საფუძვლები. სსრკ-ში იგი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც რამოდენიმე წლის მანძილზე შეისწავლიდა კუდიანი ბირთვის აგებულებასა და მის ფიზიოლოგიას, მის ურთიერთობას დიდ ჰემისფეროებთან. საურმაგ ბუთხუზმა უარყო იმ დროისათვის გაბატონებული აზრი ბაზალური ბირთვების მხოლოდ და მხოლოდ მოტორული ფუნქციების შესახებ და დაადგინა, რომ ეს წარმონაქმნები ექსტრაპირამიდული მოტორული რეაქციების კოორდინაციაში მონაწილეობასთან ერთად, დიდ როლს თამაშობენ თავის ტვინის ინტეგრაციულ მოქმედებაში. მან ერთ-ერთმა პირველმა გამოთქვა მოსაზრება კუდიანი ბირთვის შავ სუბსტანციასთან ერთად დადგენილ ურთიერთკავშირზე, ამ წარმონაქმნების მონაწილეობაზე პარკინსონის დაავდებაში, რაც შემდგომში დადასტურებულ იქნა როგორც ფიზიოლოგების, ასევე ნევროლოგების მიერ. მისი მეცნიერული მოღვაწეობის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენდა ტკივილის, მისი შეკავებისა და ანალგეზიის ფიზიოლოგიური მექანიზმების შესწავლა. 1971 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მან ჩამოაყალიბა ტკივილის მექნიზმის შემსწავლელი ჯგუფი და 1976 წლიდან სათავეში ჩაუდგა ტკივილის ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორიას, რომელიც პირველი იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით. 1971-76 წწ ჩეხოსლოვაკიის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ჩეხ კოლეგებთან ერთობლივ შრომებს ატარებდა სამწვერა ნერვის სისტემაში ტკივილის მიმღები ქერქული უბნის მტკივნეულობის აფერენტაციაზე, აგრეთვე მხედველობის ბორცვებში ცენტრალური ნერვული სისტემის უმაღლეს დონეთა მიმართულებით მტკივნეული აფერენტაციის გადაცემის გზებზე. მან დაადგინა, რომ ტვინის ღეროში ტკივილის მექნიზმების შემაკავებელი გზების არსებობა იწვევს ტკივილის შეკავებას ანალგეზიური პრეპარატების გარეშე. ასევე, მნიშვნელოვანი მონაცემები შეიტანა ტკივილის შემაკავებელი ძირითადი ღეროვანი სტრუქტურის-ცენტრალური რუხი ნივთიერების, ფუნქციური ორგანიზაციის შესახებ. აღნიშნული შედეგები გამოქვეყნდა საერთაშორისო ჟურნალ BRAIN Res.-ის 1972, 41, 211-213; 1974, 66, 325-327 ნომრებში. საურმაგ ბუთხუზმა პირველმა აღწერა აღნიშნული სტრუქტურის, როგორც ანალგეზიის ენდოგენური სისტემის ძირითადი რგოლის, მოქმედების ნეიროფიზიოლოგიური დახასიათება. ასევე მან მსოფლიოში პირველმა შექმნა ე.წ. „ტკივილის გამომწვევი კბილის მეთოდი“. ეს მეთოდიკა მან პირველად დანერგა ჩეხოსლოვაკიაში მივლინების დროს პროფესორ ვიკლიცკისთან თანამშრომლობის პერიოდში და ამ მეთოდს ბუთხუზი-ვიკლიცკის მეთოდი ეწოდა. 1971 წ ქ. ალმა-ატაში ბატონმა საურმაგმა გაიარა აკუპუნქტურის შემსწვლელი კურსები. იყო საქართველოში პირველი სპეციალისტი აკუპუნქტურისა და რეფლექსოთერაპიის განხრით. 1980 წლიდან მისივე დაარსებულ ლაბორატორიაში მუშაობდა ტკივილისა და ანალგეზიის ინტეგრაციაში მონაწილე, ტვინის ღეროს ანალგეზიური სტრუქტურების ფუნქციური ორგანიზაციის შესასაწავლად. მან შეისწავლა: რუხი ნივთიერების, ნათხემის ბირთვებისა და სამწვერა ნერვის ბირთვის ნეირონული აქტივობა და მათი ცვლილებები ნარკოტიკული ანალგეზიური ნივთიერებების გავლენით. დეტალურად შეისწავლა ჰიპოთალამუსისა და ცენტრალური რუხი ნივთიერების ანტინოციცეპტური სისტემის ურთიერთქმედება. ეს იყო სრულიად ახალი სიტყვა ტკივილისა და ანალგეზიის ურთიერთობაში. 1975 წელს საურმაგ ბუთხუზი არჩეულ იქნა ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის IBRO-ს წევრად; მონაწილეობდა IBRO-ს II სართაშორისო კონგრესზე ბუდაპეშტში 1987 წელს. 1990 წლიდან არის ტკივილის შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციის (IASP)-ის წევრი. შეყვანილია საეთაშორისო ბიბლიოგრაფიული ცენტრის 1996 წლის XVII გამოცემაში - ჟურნალი “who is who” –„წარმატებული ადამიანი“. იყო 8 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. საურმაგ ბუთხუზი 2002 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

საურმაგ ბუთხუზი გარდაიცვალა 2010 წლის 6 ნოემბერს.

დიმიტრი გედევანიშვილი (1902-1990)

დიმიტრი მიხეილის ძე გედევანიშვილი დაიბადა 1902 წლის 15 სექტემბერს, ქ.თბილისში.

საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1920 წელს შევიდა თბილისის უნივერსიტეტში, რომლის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა 1927 წელს და მუშაობა დაიწყო ნევროპათოლოგიის კლინიკაში პროფესორ სიმონ ყიფშიძის ხელმძღვანელობით, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში და კათედრაზე, რომელსაც განაგებდა ცნობილი ქართველი ფიზიოლოგი ივანე ბერიტაშვილი. 1937 წელს დ. გედევანიშვილს მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, ხოლო მოგვიანებით მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის წოდება მიიღო. იგი ფარმაცევტული და სტომატოლოგიური ინსტიტუტების ფიზიოლოგიის კათედრებს ხელმძღვანელობდა. 1946 წელს დ. გედევანიშვილი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 1959-1973 წლებში იგი იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში.

დ. გედევანიშვილი საუკუნის ერთ მეოთხედზე მეტ ხანს იკვლევდა საქართველოს სამკურნალო ფლორას, ახდენდა მის ბიოლოგიურ სტანდარტიზაციას. ამ მიმართულებით შესრულებულმა ნაშრომებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ბუნებრივი ქიმიური ნაერთების შესწავლის საქმეში. მისი დიდი ერუდიცია და ღრმა ანალიზის უნარი საშუალებას აძლევდა ორიგინალურად გადაწყვიტა პრიორიტეტული ხასიათის მთელი რიგი პრობლემბი, რისთვისაც მას საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად.

დ. გედევანიშვილი 200-ზე მეტი მეცნიერულლი შრომის ავტორია. მისი დიდი ავტორიტეტისა და ფართო აღიარების დასტურია ისიც, რომ იგი იყო საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ბიო-სამედიცინო კომპიუტერიზაციის“ ერთ-ერთი რედაქტორი, კიბერნეტიკისა და მართვის ზოგადი სისტემების მსოფლიო ორგანიზაციისა და კიბერნეტიკის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. იგი იყო საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, დაჯილდოვდა ლენინის, შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.

დიმიტრი გედევანიშვილი გარდაიცვალა 1990 წლის 28 მარტს, თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 

გიორგი ვაწაძე (1883-1971)

გიორგი სპირიდონის ძე ვაწაძე დაიბადა თბილისში 1883 წელს.

1911 წელს იგი ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზია, მოსკოვში გაემგზავრა და სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო. პირველი მსოფლიო ომის დროს მეხუთე კურსელი გ.ვაწაძე „წითელი ჯვრის” მოხალისეთა რაზმში ჩაეწერა. 1915 წელს პეტერბურგში, იმპერატორის სასახლეში, დედოფალი მარიამი ოფიცერთა ჯგუფს აჯილდოებდა, რომელთა შორის გიორგი ვაწაძეც იყო. სამედიცინო სასწავლებელის დამთავრების შემდეგ იგი მოღვაწეობა რუსეთში განაგრძო, მაგრამ მამის ავადმყოფობის გამო თბილისში დაბრუნდა.

თბილისის მაშინდელი გამგებელი გ.ვაწაძე სოფელ დიღმის საერობოს უბნის ექიმად დანიშნა. მალე მას რუსეთიდან ახლად დაბრუნებული ივანე ბერიტაშვილი თბილისის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე, ფიზიოლოგიის კათედრაზე მუშაობაშესთავაზა.

გ.ვაწაძის მოღვაწეობა ამ პერიოდში მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობით არ შემოიფარგლებოდა. 1921 წელს იგი თბილისის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. შემდეგ კი, როგორც ჯანდაცვის სახალხო კომისრის მოადგილე და საკურორტო სამმართველოს უფროსი, საქართველოს სხვადასხვა აგარაკებზე გახსნა ბავშვთა საზაფხულო გამაჯანსაღებელი ბანაკები, ჩვილ ბავშვთა სანატორიუმები. გ.ვაწაძე დიდ ყურადღებას უთმობდა ბორჯომს, აბასთუმანს, უწერას, განსაკუთრებით მინერალური წყლების, კერძოდ, ბორჯომის წყლის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შესწავლის საქმეს. ამ მიზნით იკვლევდა ბორჯომის გავლენას საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე.

1926 წელს გიორგი ვაწაძე რამდენიმე წლით გერმანიაში, ქ. კილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში გაემგზავრა. მისთვის, როგორც მეცნიერისთვის, ნაყოფიერი აღმოჩნდა იქ გატარებული წლები. სამშობლოში იგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით დაბრუნდა და კვლავ ივანე ბერიტაშვილთან განაგრძო მუშაობა.

1930 წელს უნივერსიტეტიდან სამედიცინო ფაკულტეტის ცალკე ინსტიტუტად გამოყოფის საკითხი დადგა. ივანე ჯავახიშვილმა სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის თანამდებობაზე თავის მოხსენებაში გ. ვაწაძეს გაუწია რეკომენდაცია. გიორგი ვაწაძე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პირველი რექტორი (1930-1936). მისი თაოსნობით, აშენდა ორი სასწავლო კორპუსი და საერთო საცხოვრებელი 360 სტუდენტისთვის.

1944 წელს გიორგი ვაწაძეს მიანიჭეს მედიცინის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. აღიარების პარალელურად, დაიწყო მისი გოლგოთა, რომელიც 12 წელსგაგრძელდა.
1945 წელს პროფესორი გ.ვაწაძე დააპატიმრეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფში მოათავსეს. რამდენიმე თვეში გიორგი ვაწაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, საბედნიეროდ, ეს რეპრესიები მისი ოჯახის წევრებზე არ გავრცელდა. 1949 წელს, გ.ვაწაძე ყარაღანდის მახლობლად, სპასკის შრომაგამასწორებელ ბანაკში გაამწესეს. მისი რეაბილიტაცია მხოლოდ 1958 წელს მოხდა.

გიორგი ვაწაძე გარდაიცვალა თბილისში, 1971 წელს.


ვლადიმერ ვორონინი (1870–1960)

ვლადიმერ ვორონინი დაიბადა 1870 წ. რუსეთში, ტულის გუბერნიის სოფელ ნიკოლსკოეში.

1893 წლიდან, მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ვ.ვორონინი მუშაობდა გერმანიაში, შემდეგ საფრანგეთში, პარიზის პასტერის ინსტიტუტში. მისი იმდროინდელი შრომები დღესაც არ კარგავენ სამეცნიერო მნიშვნელობას.

1897 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1908 წლიდან იყო პროფესორი, 1908 წლიდან 1922 წლამდე ხელმძღვანელობდა ოდესის უნივერსიტეტის ზოგადი პათოლოგიისა და ბაქტერიოლოგიის კათედრას, ამავე დროს, იყო ოდესის ბაქტერიოლოგიური სადგურის ხელმძღვანელი.

1922 წელს, ახლად ჩამოყალიბებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესვეურების მიერ მოწვეული იქნა საქართველოში, თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის გამგედ. ამ კათედრას ვ.ვორონინი სამედიცინო ინსტიტუტის ცალკე უმაღლეს სასწავლებლად გამოყოფის შემდეგაც (1930 წლიდან 1955 წლამდე) უძღვებოდა. ამავე დროს, 1944 წლიდან იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილებას და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნერვული სისტემის პათოფიზიოლოგიისა და მორფოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

მეცნიერების დამსახურებულმა მოღვაწემ (1941 წლიდან), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრმა (1944 წლიდან), ვ.ვორონინმა გამოიარა ხანგრძლივი და ნათელი ცხოვრების გზა მეცნიერებაში და მიუძღვნა ის ანთების საერთო პათოლოგიის, სისხლის მიმოქცევისა და პერიფერიული ნერვული სისტემის შესწავლას. ის გამოირჩეოდა ფუნდამენტური და ენციკლოპედიური ცოდნით მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის სფეროში, ჰქონდა ფენომენალური მეხსიერება და სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური მუშაობის უდიდესი გამოცდილება. ყოველივე ეს აისახა მის ორტომეულში „ პათოლოგიური ფიზიოლოგიის სახელმძღვანელო“ (1947-1948). ეს წიგნები ხასიათდება შინაარსობრივი მნიშვნელობით და ორიგინალურობით, ვინაიდან მრავალი დაავადების პათოგენეზის საკითხების გადასწყვეტად ვ.ვორონინი ფართოდ იყენებდა ფიზიკის, მექანიკის და მათემატიკის კანონებს. მის მიერ გამოქვეყნებული იყო 70-მდე შრომა, მიძღვნილი პათოფიზიოლოგიის, მორფოლოგიის, მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიის საკითხებს, და აგრეთვე სტატისტიკის და კიბერნეტიკის გამოყენებას მედიცინაში.

დიდი წვლილი მიუძღვის ვ.ვორონინს მაღალკვალიფიცირებული სამეცნიერო კადრების მომზადებაში. მის მოსწავლეთა შორის იყვნენ არა მხოლოდ ცნობილი პათოფიზიოლოგები (ა.ბოგომოლეცი, ი.ზაალიშვილი, გ.მჭედლიშვილი და სხვ.), არამედ მრავალი კლინიცისტიც (პ.გერცენი, ვ.ფილატოვი, მ.იასინოვსკი, ლ.დმიტრიენკო, კ.ერისთავი, ი.ლორთქიფანიძე, ა.ჭეიშვილი და სხვ.).

1955 წლიდან 1976 წლამდე თსუ-ს პათოფიზიოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა მისი მოსწავლე, პროფესორი ირინა ზაალიშვილი, 1976 წლიდან 1990 წლამდე კათედრის გამგე იყო აგრეთვე მისი მოსწავლე, პროფესორი თეიმურაზ ნათაძე. ვ.ვორონინის სამეცნიერო ტრადიციების გამგრძელებელი იყო პროფესორი ვახტანგ ყიფიანი, რომელიც კათედრას (ამჟამად დეპარტამენტი) 1990 წლიდან 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა.

ვ. ვორონინი არასდროს არ ყოფილა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი, მიუხედავად ამისა იგი დაჯილდოვებული იყო ლენინის ორი ორდენით და შრომის წითელი დროშის ორი ორდენით. 1959 წელს, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიამ მიანიჭა ვ.ვორონინს ა. ბოგომოლეცის სახელობის სამეცნიერო პრემია მისი მონოგრაფიისთვის «ანთება“.

ა.ვორონინმა სიცოცხლის ბოლომდე არ დატოვა საქართველო, რომელიც ძალზე უყვარდა, და თითქმის 40 წელი მოახმარა საქართველოს მეცნიერულ კეთილდღეობას.

ვლადიმერ ვორონინი გარდაიცვალა 1960 წელს, თბილისში.

არჩილ მიქელაძე (1929-1974)

გამოჩენილი ქართველი ნეირომორფოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ არჩილ მიქელაძის სამეცნიერო მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი.ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტთან. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში   ივანე ბერიტაშვილის ინიციატივით ჩამოყალიბდა ნეირომორფოლოგთა ჯგუფი, რომელსაც 1960 წლიდან ხელმძღვანელობდა არჩილ მიქელაძე. მან შემოიკრიბა ნიჭიერი ახალგაზრდები – გულნარა კიკნაძე, ელეონორა ძამოევა, ინგა კაკაბაძე, მზია ჟვანია, ანა ციციშვილი, ელენე მხეიძე, ილია ლაზრიშვილი, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებდნენ ცნს–ის სხვადასხვა უბნის ნეირონული ორგანიზაციისა და მონოსინაფსური კავშირების ბატონი არჩილის ხელმძღვანელობით წარმოებულ გამოკვლევებში. ამ პერიოდში დადგენილ იქნა, რომ დიდი ჰემისფეროების შუბლის წილებს, კერძოდ პრორეალურ ხვეულს ახასიათებს აფერენტული და ეფერენტული მონოსინაფსური კავშირები როგორც ქერქის სხვადასხვა ზონებთან, ასევე ქერქქვეშა წარმონაქმნებთან.

1964 წელს ი. ბერიტაშვილის მოთხოვნით ინსტიტუტმა შეიძინა იაპონური ელექტრონული მიკროსკოპი, რომელიც არჩილ მიქელაძის ჯგუფს გადაეცა. ამ პერიოდიდან საქართველოში პრაქტიკულად პირველად დაიწყო ბიოლოგიური სისტემების, კერძოდ ნერვული სისტემის, ნატიფი სტრუქტურის სისტემატიური კვლევები. გასული საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისში ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ცნს–ის ცალკეული უბნების ულტრასტრუქტურული ორგანიზაციის თავისებურებანი, არ იყო იდენტიფიცირებული ნეირონებისა და გლიის უჯრედების ტიპები, არ იყო ცნობილი სხვადასხვა სახის სინაფსებისა და არასინაფსური სპეციალიზებული კონტაქტების არსებობა. ამიტომ, ჯგუფის წევრები სამეცნიერო მოღვაწეობის საწყის ეტაპზე შეისწავლიდნენ ნეირონების, სინაფსების და ნეიროგლიის ულტრასტრუქტურას ნორმის პირობებში, რომელიც საფუძვლად დაედო აღნიშნული სტრუქტურების იდენტიფიკაციის კრიტერიუმების შემუშავებას.

სულ ორიოდე წლის განმავლობაში ინტენსიური კვლევების შედეგად მიღებულმა მონაცემებმა საკავშირო აღიარება ჰპოვეს და ა. მიქელაძე აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონული მიკროსკოპიის სამეცნიერო საბჭოს წევრად და ამ საბჭოს საქართველოს სექციის თავმჯდომარედ. საბჭოს ბაზას ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ელექტრონული მიკროსკოპიის ლაბორატორია წარმოადგენდა  (1967 წლიდან ეს სახელი ეწოდა ნეირომორფოლოგიის ჯგუფს). სწორედ ამ ლაბორატორიაში ა. მიქელაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ელექტრონული მიკროსკოპიის დარგში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება როგორც საქართველოს, ასევე სხვა რესპუბლიკების სამეცნიერო დაწესებულებებისათვის.

დიდია პროფესორ მიქელაძის დამსახურება თბილისში 1969 და 1971 წლებში ელექტრონულ მიკროსკოპიაში საერთაშორისო სკოლისა და გამოფენის ორგანიზაციაში, რამაც დიდი ბიძგი მისცა საქართველოში ამ მიმართულებით კვლევების ფართოდ გაშლას. ა. მიქელაძის ხელმძღვანელობით შესწავლილია თავის ტვინის ფუნქციურად განსხვავებული უბნების სხვადასხვა ტიპის ნეირონების, ნეირონთაშორისი სინაფსური და არასინაფსური კავშირების, ნეიროგლიის უჯრედებისა და სისხძარღვოვანი კაპილარების ულტრასტრუქტურა ნორმასა და სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის მოდელირების პირობებში. მის მიერ თანამშრომლებთან ერთად ნაჩვენებია,რომ თავის ტვინის ქერქქვეშა წარმონაქმნების პროექციული ნეირონებისაგან განსხვავებით, რომელთა პერიკარიონის ზედაპირის უმეტესი ნაწილი პრესინაფსური ტერმინალებით არის დაფარული, ახალი ქერქის ნებისმიერი ზონის პირამიდულ ნეირონებში სინაფსების უმეტესობა ლოკალიზებულია დენდრიტების წვრილ განშტოებებსა და ხორკლებზე.

ა. მიქელაძის სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო გლიის უჯრედებისა და ნეირონ–გლიური ურთიერთობის საკითხების შესწავლას. დადგენილია, რომ დეგენერირებული ნერვული ბოჭკოების ალაგების პროცესში რეზიდენტულ მაკროფაგებთან – მიკროგლიოციტებთან ერთად ასტროციტებიც მონაწილეობს.

ა. მიქელაძის მიერ შესწავლილია ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრალური ბირთვების ნეიონების, გლიის უჯრედებისა და კაპილარული ქსელის სტრუქტურა სინათლისა და ელექტრონული მიკროსკოპის დონეზე. მიღებული მონაცემები განზოგადებულია მის მიერ 1968 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში «ცენტრალური ნერვული სისტემის ვეგეტატიური ბირთვების სტრუქტურული ორგანიზაცია».

ელექტრონულ მიკროსკოპიის დარგში მიღწეული წარმატებების აღსანიშნავად ა. მიქელაძე დაინიშნა 1973 წელს თბილისში ჩატარებული ელექტრონულ მიკროსკოპიაში საკავშირო კონფერენციის ორგკომიტეტის თავმჯდომარედ.

პროფესორი ა. მიქელაძე დიდ ყურადღებას აქცევდა ინსტიტუტის ფიზიოლოგიური პროფილის ლაბორატორიებთან სამეცნიერო ურთიერთობების დამყარებას. მჭიდრო კონტაქტები ჩამოყალიბდა და ერთობლივი კვლევები მიმდინარეობდა ქერქის ზოგადი ფიზიოლოგიის (ხელმძღ. პროფ. ალექსანდრე როიტბაკი), ტვინის სისხლის მიმოქცევის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის (ხელმძღ. პროფ. გიორგი მჭედლიშვილი), ბიოქიმიის (ხელმძღ. აკადემიკოსი პეტრე ქომეთიანი), ძილ–ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის (ხელმძღ. პროფ. თენგიზ ონიანი) ლაბორატორიებთან.

ბატონი არჩილი იყო მრავალი სტატიის ავტორი და ელექტრონული მიკროსკოპიის   დარგში მრავალი საერთაშორისო ფორუმის მონაწილე.  

 

ა. მიქელაძის ზოგიერთი პუბლიკაცია:

 

მონოგრაფია: ««ცენტრალური ნერვული სისტემის ვეგეტატიური ბირთვების სტრუქტურული ორგანიზაცია» «მეცნიერება», თბილისი, 1968 (რუსულ ენაზე).

 სტატიები:

  1. Mikeladze A.L. Endings of afferent nerve fibers in lumbosacral region of spinal cord. Fed Proc Transl Suppl. 1966, 25(2): 211-216
  1. Микеладзе А.Л., Кикнадзе Г.И. Некоторые афферентные связи прореальной извилины коры лобной области больших полушарий головного мозга кошки. Сообщ. АН ГССР, 1966, 42, 737
  2. Mikeladze A.L. Electron microscopic characteristics of the neuroglia. Arkh Anat Gistol Embriol. 1967, 52(3): 29-37 (in Russian)
  3. Mikeladze A.L. Ultrastructure of the capillaries of the brain. In: Tr. Inst. Fiz. Akad. Nauk. Gruz. Ssr. 1968; 15: 271-282 (in Russian)
  4. Кикнадзе Г.И., Микеладзе А.Л. Структурная организация коры лобной области. В кн.: Современные проблемы деятельности и строения ЦНС, «Мецниереба», Тбилиси, 1968, 2(15), 291-300
  5. Mikeladze A.L., Lazriev I.L. Quantitative analysis of structural elements surrounding dendrite processes of the cortical neurons. In: “Electron Microscopy 1968”, Roma. 1968, 2, 575-576
  6. Mikeladze A.L. Characterization of the postsynaptic structures of the brain. Folia Morphol. (Praha). 1969; 17(4): 420-431
  7. Микеладзе А.Л., Кикнадзе Г.И. Эфферентные связи прореальной извилины головного мозга кошки. Ж-л невропатол. и психиатрии,1969, 69,1822–1826
  8. Микеладзе А.Л. Нейронно-глиальные взаимоотношеня в коре головного мозга по данным электронной микроскопии. В кн.: Длительные электрическиу потенциалы нервной системы. «Мецниереба», Тбилиси, 1969, 124
  9. Mikeladze A.L., Lazriev I.L. Ultrastructure of the mamillary body. Neurosci. Translat., 1969, 11, 84-90
  10. Mikeladze A.L. The ultrastructure of cerebral cortex synapses following direct electrical stimulation]. Biull. Eksp. Biol. Med., 1969, 67(3): 106-10. (in Russian)
  11. Микеладзе А.Л., Лазриев И.Л. Ультраструктура нейронов и синапсов дорсального кохлеарного ядра ствола мозга кошек. Арх. Aнат., 1970, 59, 11, 18-27
  12. Mikeladze A.L, Alekseiuk A.A. Study of the cerebral cortex surface with a scanning electron microscope. Arkh. Anat. Gistol. Embriol., 1971, 60(3): 86-89 (in Russian)
  13. Mikeladze A.L., Roĭtbak A.I., Dzamoeva E.I. Contacts of axon terminals with oligodendrocytes in the cerebral cortex. Dokl. Akad. Nauk SSSR. 1971, 200: 970-972. (in Russian)
  14. Лазриев И.Л., Микеладзе А.Л. Электронномикроскопическое исследование локализации синапсов первичных афферентных волокон в кохлеарных ядрах ствола головного мозга. Бюлл. Эксп. Биол. Мед. 1972, 74, 12, 101-104
  15. Mikeladze A.L., Kutateladze I.I. Ultrastructure of the cerebral cortex during strychnine application. Biull. Eksp. Biol. Med., 1972, 73(10): 113-116 (in Russian)
  16. Mikeladze A.L., Dzamoeva E.I. Various features of the ultrastructure of cerebral cortex macroglial cells. Arkh. Anat. Gistol. Embriol., 1972, 63 (11):15-25 (in Russian)
  17. Mikeladze A.L., Alekseiuk A.A. A study of the cerebral ventricles with a scanning electron microscope. Arkh. Anat. Gistol. Embriol., 1972, 63(12): 60-63
  18. Микеладзе А.Л., Какабадзе И.М. Ультраструктура звездчатых нейронов коры головного мозга кошек и обезьян. ЦИТОЛОГИЯ, 1973, 15, 8, 981–984
  19. Микеладзе А.Л., Ройтбак А.И., Лазриев И.Л. Синапсы с миелинизированными и немиелинизированными претерминальными участками в коре мозга кошки. Нейрофизиология, 1979, 11, 2, 174-175

 

ელგუჯა მონიავა (1927-2013)

ელგუჯა მონიავა დაიბადა 1927 წლის 11 თებერვალს, მარტვილის რაიონის სოფ. ხუნწში.
ე. მონიავამ 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1951–1953 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკურ საექიმო–ფიზკულტურის ცენტრში. 1954–1957 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1957 წლიდან 1964 წლამდე მუშობდა ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის, ხოლო 1964 წლიდან 1977 წლამდე კი უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე.
1975 წელს ე. მონიავამ დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, 1977 წელს მას მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.
ე. მონიავამ სამეცნიერო საქმიანობა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში თავიდან ბაყაყებზე და კატებზე ექსპერიმენტებით დაიწყო. იგი იყო შესანიშნავი ექსპერიმენტატორი და გამოირჩეოდა ბევრი მნიშვნელოვანი თვისებებით. ელგუჯა მონიავა თავისი ხელით დამზადებულ მიკროელექტროდებს იყენებდა ზურგის ტვინის სხვადასხვა უბნების გასაღიზიანებლად, რითაც დიდი ივანე ბერიტაშვილის ქებაც კი დაიმსახურა. იგი გახლდათ ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ღირსეული მეცნიერ-თანამშრომელი, რომელმაც თავისი შემდგომი საქმიანობა ცნობილი პიროვნების პროფესორ სერგი ნარიკაშვილის ლაბორატორიას დაუკავშირა. 20 წლის განმავლობაში იგი მუშაობდა თავის ტვინის ღეროს რეტიკულური ფორმაციის ფიზიოლოგიის საკითხებზე, სადაც მრავალი ახალი მეცნიერული ფაქტის აღმოჩენა და დადგენა შეძლო.
1977 წელს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე ე. მონიავამ საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახალ ნეიროენდოკრინული მიმართულების კვლევით ლაბორატორიას, რომელსაც იგი თითქმის 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ამ პერიოდისათვის კვლევის ასეთი მიმართულებით ჩატარების არავითარი ტრადიცია არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, მან უაღრესად მოკლე ხანში შეძლო სამეცნიერო პერსონალისა და ასპირანტების მოზიდვა და მათი მუშაობის პროცესში აქტიური ჩართვა. სწორედ ამ ლაბორატორიაში გამოვლინდა რიგი ახალი და მნიშვნელოვანი სამეცნიერო პრიორიტეტების მქონე ფაქტები. დადგინდა ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური ჰორმონების ვაზოპრესინისა და ოქსიტოცინის მცირე დოზებით მოქმედების როლი თავის ტვინის ქერქის ელექტრულ აქტივობაზე და ამ ეფექტების განხორციელების შესაძლო მექანიზმები.
მნიშვნელოვანი მონაცემები იქნა მიღებული ქცევით გამოკვლევებში. დადგენილ იქნა ვაზოპრესინის მონაწილეობა ხანგრძლივი მეხსიერების მექანიზმებში და აგრეთვე პირობითრეფლექსური რეაქციების ფორმირების ადრეულ ფაზებში.
სწორედ ნეიროენდოკრინოლოგიის ლაბორატორიაში მრავალრიცხოვანი გამოკვლევებით ნაჩვენები იქნა ცენტრალური ნერვული სისტემის ბაზისურ პროცესში ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური ნეიროჰორმონების მონაწილეობის გამოხატული თვისებები.
ე. მონიავა ნეიროფიზიოლოგიისა და ნეიროენდოკრინოლოგიის დარგში ცნობილი სპეციალისტი იყო არა მარტო საქართველოში არამედ უცხოეთშიც. იგი გახლდათ 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის და რამოდენიმე მონოგრაფიის ავტორი.
1980 წელს იგი აირჩიეს თავის ტვინის კვლევის საერთასორისო ორგანიზაციის (IBRO)-ს წევრად. 1996 წელს კი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიისა და ნიუ-იორკის აკადემიის წევრად.
1990 წელს ნაშრომთა ციკლისათვის „თალამო-ქერქული ურთიერთობა“ აკადემიის წევრ-კორესპონდენტ სერგი ნარიკაშვილთან ერთად მას მიენიჭა ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია.
ე. მონიავა 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ხოლო 2002 წელს „ქ.თბილისის ერთგულების მედლით“. მისი მონაწილეობით დაცულია 15 სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები. იგი გახლდათ მრავალი ცნობილი მეცნიერის აღმზრდელი.

ვახტანგ მოსიძე (1928-1999)

ვახტანგ მოსიძე დაიბადა თბილისში, 1926 წლის 20 სექტემბერს. 1944 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1944-49 წლებში სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 1949-52 წლებში გახლდათ სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ორდინატორი. 1952 წ. ჩააბარა მისაღები გამოცდები ფიზიოლოგიაში კომისიას ი.ბერიტაშვილის თავმჯდომარეობით და ასპირანტურის სრული კურსის გასავლელად მივლინებულ იქნა ლენინგრადის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში, ი.პავლოვის სახ.ფიზიოლოგიის განყოფილებაში საკავშირო აკადემიის წევრ- კორ., პროფ. კ. აბულაძესთან. 1955 წელს ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე: „პირობითი და უპირობო რეფლექსები კორძიანი სხეულის გადაკვეთის შემდეგ“. 1955 წელს დაიწყო მუშაობა ი.ბერიტაშვილის სახ.ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ჯერ უმცროს, ხოლო შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად. მედ.მეცნ.დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად 1962 წ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე: “თავის ტვინის წყვილადი და განცალკავებული მუშაობის შესახებ“. 1965 წელს ბ-ნი ვახტანგი არჩეულ იქნა ფიზიოლოგიის ინსტიტუტის პირობითი რეფლექსების ლაბორატორიის (1972 წლიდან ჰემისფეროთა ურთიერთობის შემსწავლელი ლაბორატორიის) ხელმძღვანელად. ის იყო მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული თავის ტვინის ჰემისფეროთა ურთიერთობის შემსწავლელი რესპუბლიკური კომისიის თავმჯდომარე. ბ-ნი ვახტანგი იყო IBRO-ს, ხოლო 1972 წლიდან ევროპის ტვინისა და ქცევის შემსწავლელი ორგანიზაციების წევრი. 1974 წელს მას მიენიჭა საქ.მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება, ხოლო 1976 წ. - ი. თარხნიშვილის სახელობის პრემია. 1988 წ. ბ-ნი ვახტანგი აირჩიეს საქ.მეცნ.აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. ასევე იყო ნიუ-იორკის აკადემიის წევრი. 1991 წ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა აირჩიეს ინსტიტუტის დირექტორად. 1994 წელს თანამშრომლებთან ერთად თავის ტვინის ფუნქციური სიმეტრიისა და ასიმეტრიის პრობლემის შესწავლისადმი მიძღვნილი შრომებისათვის მიენიჭა საქ.სახელმწიფო პრემია.   შემდგომში ის აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. ბბ-ნი ვახტანგი გარდაიცვალა 1999 წლის 26 თებერვალს.

ბ-ნი ვახტანგის შრომები ძირითადად ეძღვნება თანამედროვე ნევროლოგიის ერთ-ერთ უაღრესად მნიშვნელოვან პრობლემას - დიდი ტვინის ნახევარსფეროების ურთიერთობის საკითხს. მის მიერ მიღებული მონაცემების საფუძველზე გარკვეულია ტვინის არა მხოლოდ კომისურული სისტემის როლი სენსორული ინფორმაციის ჰემისფეროთაშორის ცვლაში, არამედ ღეროვანი წარმონაქმნების მონაწილეობა ჰემისფეროთა ურთიერთობაში და აღნიშნული პროცესების მნიშვნელობა პირობითი რეფლექსებისა და მოკლევადიანი მეხსიერებისათვის. დადგენილია კორძიანი სხეულის მნიშვნელობა თავის ტვინის ჰემისფეროების სინქრონულ მოქმედებაში და სტრიქნინული განმუხტვების ჰემისფეროთა შორის გენერალიზაციაში. შესწავლილია კალოზალური ნეირონების მახასიათებლები, მათი სამიზნე ნეირონები და გამოთქმულია მოსაზრება რომ ამ ნეირონების მეშვეობით უნდა ხორციელდებოდეს ნახევარსფეროების ჰორიზონტალური ტრასკომისურული ურთიერთობები, რომელიც აუცილებელია ტვინის ინტეგრაციული მოქმედებისათვის. დადგენილია შთაბეჭდვის (იმპრინტინგი) ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმები. დამუშავებულია ადამიანის თავის ტვინის ნახევარსფეროების ფუნქციური ასიმეტრიისა და სპეციალიზაციის პრობლემა.

ვ.მოსიძე 200-მდე გამოქვეყნებული შრომის და მათ შორის 6 მონოგრაფიის ავტორია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მის მიერ მიღებულ მონაცემებს გააჩნია არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობა ნევროლოგიური კლინიკისათვის, ფსიქოლოგთათვის, ფსიქიატრებისთვის, ნეიროლინგვისტებისათვის.

 

კიაზო ნადარეიშვილი

1929–2010

სერგი ნარიკაშვილი (1906–1992)

სერგი პავლეს ძე ნარიკაშვილი დაიბადა ქ. თბილისში, 1906 წლის 24 დეკემბერს.

ს.პ. ნარიკაშვილმა მეცნიერული მოღვაწეობა დაიწყო 1931 წელს, ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით.

1937 წ. მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1938 – 1940 წწ. იგი შეისწავლიდა სხვადასხვა ანალიზატორის გააქტივების გავლენას მხედველობით ანალიზატორში მიმდინარე კვალის პროცესებზე და 1946 წ. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

1953 – 1969 წწ. იყო ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.

1961 წ. ს.პ. ნარიკაშვილი საქართველოს მეცმიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს.

1962 წ. მას საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1992 წლამდე ს.პ. ნარიკაშვილი ხელმძღვანელობდა ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ქერქისა და ქერქქვეშა სტრუქტურების ურთიერთობის ლაბორატორიას.

ს.პ. ნარიკაშვილის თაოსნობით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა მეცნიერების იმ მიმართულებებს, როგორიცაა რადიობიოლოგია, ბიოფიზიკა, მოლეკულური ბიოლოგია. ს.პ. ნარიკაშვილის ლაბორატორიის თანამშრომლების ბაზაზე ინსტიტუტში ჩამოყალიბდა შემდეგი ახალი სტრუქტურული ერთეულები ლაბორატორიების სახით: ტკივილის ფიზიოლოგია (გამგე ს. ბუთხუზი); ნეიროენდოკრინოლოგია (გამგე ე. მონიავა), ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიია (გამგე ვ. მალოლეტნევი).

ს.პ. ნარიკაშვილი იყო ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO) წევრი; ჟურნალების: “Physiology and Behavior“ და ი. სეჩენოვის ფიზიოლოგიური ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.

1963 წ.მას ი. თარხნიშვილის სახელობის პრემია მიენიჭა.

1963 წ. ი. სეჩენოვის წიგნის „თავის ტვინის რეფლექსები“ გამოქვეყნებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად ჩატარდა საერთაშორისო ყრილობა, სადაც დაწესებული იყო საკავშირო სიგელი - მეცნიერებაში მიღწევებისათვის. ეს სიგელი ი. ბერიტაშვილთან ერთად მიიღო ს. ნარიკაშვილმა.

1966 წ., ს. ნარიკაშვილის ხელმძღვანელობით, ქ. თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია - „თავის ტვინის ქერქქვეშა სტრუქტურების მოქმედების ქერქული რეგულაცია“.

1990 წ. ს. ნარიკაშვილს (ე. მონიავასთან ერთად) მიენიჭა მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის პრემია.

ს. ნარიკაშვილი შეისწავლიდა: ა) ყუმბარის აფეთქების შედეგად გამოწვეული ჰაერის ტალღის გავლენას კუნთოვანი და ნერვული სისტემის აგზნებადობაზე; ბ) ტვინის ღეროს ბადებრივი ფორმაციის, ნათხემის და ახალი ქერქის ელექტრული აქტივობის ცვლილებებს ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციური მდგომარეობის დროს (ძილ-ღვიძილი); გ) ტვინის ღეროს ბადებრივი ფორმაციის მოქმედების თავისებურებებს.

ს.პ. ნარიკაშვილის ლაბორატორიაში პირველად განხორციელდა და დადგინდა:

  1. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, პირველად საქართველოში მოხდა სტერეოტაქსული აპარატის მიღება და მისი გამოყენებით თავის ტვინის სტრუქტურებში ელექტროდების შეყვანა.
  2. არასპეციფიკური თალამო-კორტიკალური სისტემის როლი სპეციფიკური თალამო-კორტიკალური სისტემის ფუნქციონირებაში.
  3. პირველად დადგინდა, რომ ყოველი აფერენტული სისტემა უმეტესად ააქტივებს ტვინის ღეროს ბადებრივი ფორმაციის განსაზღვრულ (ტერიტორიულად სხვადასხვა) უბნებს.
  4. ტვინის ღეროს ბადებრივი ფორმაციის გააქტივებისას მისი დაღმავალი მოქმედება შეიძლება განხორციელდეს აღმავალი გავლენის გარეშე.
  5. ტვინის ღეროს მარჯვენა და მარცხენა ნახევარში ელექტრული აქტივობის ცვლილებები მიმდინარეობს დამოუკიდებლად.
  6. თალამუსის არასპეციფიკურ სისტემას (თალამუსის ცენტრალური მედიალური ბირთვი) პირდაპირი, დიფუზური და ბილატერალური კავშირები აქვს ნეოკორტექსთან (სუპრასილვიური და კორონალური ხვეულები).
  7. საქართველოში პირველად განხორციელდა თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურების ერთეულ ნეირონთა აქტივობის რეგისტრაცია.
  8. დადგინდა ქერქისა და ქერქქვეშა სტრუქტურების პოლიმოდალურ ნეირონებზე სხვადასხვა აფერენტულ იმპულსთა ურთიერთქმედების მექანიზმები.
  9. პირველად განხორციელდა ორი დამოუკიდებელი მიკროელექტროდით, ანატომიურად დაკავშირებული სტრუქტურებიდან ერთეულ ნეირონთა აქტივობის ერთდროული რეგისტრაცია და მათ შორის ურთიერთქმედების კანონზომიერებების დადგენა.

ს.პ. ნარიკაშვილი იყო 38 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და 14 სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი. მას გამოქვეყნებული აქვს 300-მდე სამეცნიერო ნაშრომი.

 

 

ვაჟა ოკუჯავა (1930–2011)

ვაჟა ოკუჯავა - საქართველოს მეცნიერების გამორჩეული წარმომდაგენელი, ნეირომეცნიერი, ნეიროფიზიოლოგი, მეცნიერების და უმაღლესი განათლების ორგანიზატორია.

ვ. ოკუჯავამ სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც 1956 წელს ასპირანტურაში ჩააბარა. 1960 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით: „დიდი ჰემისფეროების ქერქის დენდრიტული აქტივობის ელექტროფიზიოლოგიური და ფარმაკოლოგიური ანალიზი“. უკვე იმ დროს მისმა პირველმა შრომებმა მიიპყრო გამოჩენილი სპეციალისტების ყურადღება და დაიმსახურა მათი მაღალი შეფასება. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ ვ. ოკუჯავა იწყებს მუშაობას კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში. 1961 წელს მან შექმნა და ჩაუდგა სათავეში ექსპერიმენტული ნევროლოგიის განყოფილებას, რომელიც შემდგომში დამოუკიდებელ ცენტრად გარდაიქმნა. 1966 წელს ვ.ოკუჯავამ ბრწყინვალედ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: “ეპილეფსიური აქტივობის ძირითადი ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმები“. მისმა სამეცნიერო მუშაობამ უდიდესი აღიარება ჰპოვა. 1967 წელს, ვაჟა ოკუჯავა, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მეცნიერი, აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1974 წელს აკადემიკოსად. 1967 წელს იგი მიემგზავრება   ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბეტესდაში (NIH), სადაც 1967-1968 წლებში მუშაობს ნევროლოგიურ დაავადებათა და ინსულტის ინსტიტუტში მიწვეულ მეცნიერად. იქ მის მოღვაწეობას ამერიკელი კოლეგების აღფრთოვანებული გამოხმაურება მოჰყვა.

საქართველოში დაბრუნების შემდგომ ვაჟა ოკუჯავა აგრძელებს აქტიურ კვლევით მუშაობას და ქმნის ახალ სამეცნიერო ერთეულებს. 1977 წელს სათავეში უდგება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მის მიერვე ორგანიზებულ ნერვული უჯრედის ფიზიოლოგიის, პათოლოგიის და ფარმაკოლოგიის ლაბორატორიას. 1983 წელს აყალიბებს და ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიას, სადაც ავითარებს იმ დროისათვის   სრულებით ახალ მიმართულებას, მედიცინის, ბიოლოგიისა და ქიმიის გასაყარზე ჩამოყალიბებულ დარგს, რომელიც მოიცავს წამალთა თერაპიულ მონიტორინგსა და ფარმაკოკინეტიკას.

ვაჟა ოკუჯავა მეცნიერების ბრწყინვალე ორგანიზატორი იყო. მისი მოღვაწეობის ეს მხარე სრულად ვლინდება სამოცდაათიანი წლებიდან. 1973-75   წწ. ვ. ოკუჯავა მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში პრორექტორად სამეცნიერო დარგში, ხოლო 1975-80წწ იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და ექსპერიმენტული მედიცინის განყოფილების აკადემიკოსი მდივანი.

1980 წლიდან იწყება ახალი ეტაპი მის ცხოვრებაში, როდესაც ის ინიშნება თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად და მუშაობს ამ თანამდებობზე 1985წ-მდე. ამ პერიოდში სრულად ვლინდება მისი ორგანიზატორული შესაძლებლობები. იგი დიდ ძალისხმევასა და ენერგიას უთმობს საუნივერსიტეტო მეცნიერების განვითარებას. იგი აქტიურად მონაწილეობდა როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე საზოგადოებრივ დისციპლინებში ახალი სამეცნიერო-კვლევითი და პრობლემური ლაბორატორიების შექმნასა და უკვე არსებულის გაფართოებაში.

თავისი ცხოვრების მანძილზე ვაჟა ოკუჯავა იყო სხვადასხვა სამეცნიერო ორგანიზაციებისა და საზოგადოებების წევრი: ი. ბერიტაშვილის სახ. საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი (1975–2011წწ.), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, ნერვული სისტემის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის საკავშირო სამეცნიერო საბჭოს წევრი, ეპილეფსიის საკავშირო საპრობლემო კომისიის წევრი, ტვინის შემსწავლელი სამეცნიერო საზოგადოების (IBRO) წევრი და ეროვნული კომიტეტის წარმომადგენელი და სხვ., რიგი ეროვნული და უცხოური სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიისა და სარედაქციო საბჭოს წევრი: Electroencephalography and Clinical Neurophysiology”,   “Neurophysiology”, “Epilepsy Research”, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ „მოამბე“-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნეს (ბიოლოგიის სერია) მთავარი რედაქტორი. ვ. ოკუჯავა არის 326 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათგან 6 მონოგრაფიის. მისი ხელმძღვანელობით 31 დისერტაცია შესრულდა, აქედან 5 სადოქტორო. მისი სამეცნიერო შრომები სხვადასხვა დროს აღინიშნა ივ. ბერიტაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიით და ხორეზმის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიით.

ვაჟა ოკუჯავა ცხოვრების ბოლომდე ეწეოდა მეტად ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობას, ხელმძღვანელობდა მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო პროექტს.

ვაჟა ოკუჯავას მეცნიერული ინტერესების ძირითად სფეროებს წარმოადგენდა: ნევროლოგიურ დარღვევათა მოდელირება და მათი ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმების კვლევა; ეპილეფსიის ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლების შესწავლა; კლინიკური ელექტროფიზიოლოგია; ექსპერიმენტული და კლინიკური ნეიროფარმაკოლოგია; მეხსიერების ნეირობიოლოგიური მექანიზმების გამოკვლევა ნეირონულ დონეზე; ქცევათმეცნიერული კვლევები: მეხსიერების ფორმები და მათი დარღვევების პრობლემები, ფსიქოპათოლოგიურ მოვლენათა მოდელირება და ა.შ.

 

თენგიზ ონიანი

1928-2012

ალექსანდრე როიტბაკი (1919–1991)

ქართველი ფიზიოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამსახურებული მეცნიერი, პროფესორი, ყოფილი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და სამეცნიერო საბჭოს წევრი ალექსანდრე ილიას ძე როიტბაკი დაიბადა 1919 წლის 17 თებერვალს, უკრაინაში, ქ. ოდესაში. 1941 წ. დაამთავრა კიევის სამედიცინო ინსტიტუტი. 1944  წლიდან სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. ა.როიტბაკი იყო ცნობილი ქართველი ფიზიოლოგის ივანე ბერიტაშვილის მოსწავლე. 1960 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის თავის ტვინის ქერქის ზოგადი ფიზიოლოგიის ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. 1968 წელს ა.როიტბაკი იყო არჩეული სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

ა.როიტბაკი 250-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია. მისი პირველი სტატია გამოქვეყნდა 1947 წელს, ხოლო პირველი წიგნი „თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის ბიოელექტრული ეფექტები“–1955 წელს. მისი ძირითადი შრომები ეხება ცენტრალური ნერვული სისტემის ნეიროფიზიოლოგიის და ელექტროფიზიოლოგიის საკითხებს. მან შეისწავლა თავის ტვინის ქერქის პირდაპირი პასუხები და დაასაბუთა დენდრიტულ პოტენციალთა პოსტსინაფსური ბუნება. მან აღმოაჩინა, რომ ქერქის რიტმული ელექტრული გაღიზიანებისას მასში შეიძლება ჩამოყალიბდეს აგზნების კერა — „დომინანტა“. დაადგინა, რომ ადამიანის რეაქციის დრო დაკავშირებულია სუნთქვის ფაზებთან, დაამტკიცა თავის ტვინის ქერქში ხანგრძლივ ელექტრულ პოტენციალთა წარმოშობაში ნეიროგლიის მონაწილეობა. ა.როიტბაკი არის პირობითი რეფლექსების საფუძვლის დროებითი კავშირების წარმოშობაში ნეიროგლიის როლის ჰიპოთეზის ავტორი.

მისი უნიკალური კვლევები თავის ტვინის ფიზიოლოგიაში აღიარებულია მთელი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების მიერ.

1960 წლიდან ა.როიტბაკი იყო თავის ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO) წევრი. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

ალექსანდრე როიტბაკი გარდაიცვალა 1991 წლის 24 დეკემბერს, თბილისში.

ძირითადი სამეცნიერო პუბლიკაციების არასრული ჩამონათვალი:

  1. Глия и её роль в нервной деятельности. С.-Петербург, Наука, 1993, 350 с.
  2. К вопросу о бессознательном с точки зрения неироглиальной гипотезы образования временных связей. В кн: «Бессознательное. Природа. Функции. Методы исследования. Том I», Тбилиси, Мецниереба, 1978, с.788  
  3. Нейроглия и образование новых нервных связей в коре мозга, в кн: Механизмы формирования и торможения условных рефлексов, Москва, 1973.
  4. Биоэлектрические явления в коре больших полушарий, ч. 1, Тбилиси, 1955, изд-во Акад. Наук Груз. ССР 
  5. დაუნარკოზებელი კატის თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის ბიოელექტრული ეფექტები ბგერით გაღიზიანებებზე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, თბილისი, 1954, 15, 41-47.
  6. სუნთქვის ცენტრიდან დიდი ტვინის ქერქზე იმპულსთა ირადიაციის საკითხისათვის. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, თბილისი, 1953, 14, 361-367.
  7. ალფარიტმი და მისი დეპრესიის რეაქცია შიზოფრენიის დროს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, თბილისი, 1952, 13, 241-247.
  8. საყნოსავი ბოლქვის ელექტრული აქტივობის საკითხისათვის. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, თბილისი, 1952, 13, 377-381.
  9. სუნთქვის რითმით აღმოცენებულ ნელ რხევათა შესახებ შინაური კურდღლის ელექტროენცეფალოგრამაში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, თბილისი, 1952, 13, 549-553.
  10. ბაყაყის თავის ტვინის რეფლექსური რეაქციების ოსცილოგრაფიული ანალიზი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, თბილისი, 1951, 12, 439-447.
  11. ბაყაყის ორგვარი სუნთქვითი მოძრაობის წარმოშობის მიზეზები. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, თბილისი, 1947, 8, 179-186.
  12. ბაყაყის სუნთქვითი ცენტრის მოქმედების ცვალებადობა საერთო სპონტანურ მოძრაობასთან დაკავშირებით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, თბილისი, 1947, 8, 247-252.